სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ლევან დავითაშვილი აზიის განვითარების ბანკის ექსპერტთა ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა აზიის განვითარების ბანკის ტექნიკური დახმარების ფარგლებში არსებული “საქართველოს ტრანსპორტის ეროვნული პოლიტიკის/სტრატეგიის დოკუმენტის და სამოქმედო გეგმის შემუშავების“ პროექტის მიმდინარეობა განიხილეს.
პროექტის ხელმძღვანელის, ჯონ არნოლდის თქმით, ეს მათი პირველი სამუშაო ვიზიტია საქართველოში. პროექტის ფარგლებში უკვე შექმნილია ერთობლივი, ქართველი და უცხოელი ექსპერტებით დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი, რომელიც ერთი წლის განმავლობაში საქართველოს სატრანსპორტო სისტემაში არსებულ მდგომარეობას შეისწავლის და მისი განვითარების სამომავლო პერსპექტივებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს შეიმუშავებს.
ლევან დავითაშვილმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ექსპერტთა ჯგუფის წარმომადგენლებს საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგში დღეისათვის არსებული ვითარების შესახებ. მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში არსებულ საექსპორტო პოტენციალზე და ამ კუთხით სატრანსპორტო ინფრასტუქტურის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად ჩაერთვება აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაგეგმილ სამუშაო პროცესში და მაქსიმალურად ხელს შეუწყობს პროექტის წარმატებულ განხორციელებას, ვინაიდან პროექტის რეალიზაციის შედეგი უშუალოდ აისახება სოფლის მეურნეობის შემდგომ განვითარებაზე.