სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, ოთარ დანელიამ და საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, იანოშ ჰერმანმა განიხილეს იმ პროექტების მიმდინარეობა, რომლებსაც ევროკავშირი საქართველოში სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ახორციელებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის ევროკავშირის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში არსებულ პროექტებს.
„პოსტსაბჭოთა პერიოდი საკმაოდ რთული იყო სოფლის მეურნეობის დარგისთვის. ამჟამად, სოფლის მეურნეობა ქართული ეკონომიკის საკვანძო ნაწილს წარმოადგენს. სოფლის მეურნეობის მოდერნიზაცია ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების, მათ შორის DCFTA-ის შეთანხმების რეალიზაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს წინაპირობას წარმოადგენს“, - განაცხადა იანოშ ჰერმანმა. ელჩს თქმით, ევროკავშირი დაინტერესებულია საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგის სწრაფი და ეფექტიანი განვითარებით და მომავალში ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო გაძლიერდება.
ოთარ დანელიამ დეტალურად ისაუბრა სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის განახლებულ ვერსიაზე, რომელზე მუშაობაც პრაქტიკულად დასრულებულია და უახლოეს მომავალში იქნება წარმოდგენილი. „მას შემდეგ, რაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება გაფორმდა, ჩვენი ქვეყანა ახალი გამოწვევების წინაშე დადგა. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულება ქართველ მწარმოებლებს საშუალებას აძლევს საკუთარი პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე გაიტანონ. ამისათვის საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან მაღალი სტანდარტის, ხარისხიანი პროდუქციის წარმოების ხელშეწყობა. ეს ეტაპობრივი პროცესია და ამ მიმართულებით სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ევროკავშირთან და სხვა საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან ერთად აქტიურად იმუშავებს“ - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.