ოთარ დანელია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრებს შეხვდა

ოთარ დანელია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრებს შეხვდა

შეხვედრა აკადემიის პრეზიდენტმა, გურამ ალექსიძემ გახსნა და სამინიტროსთან ერთობლივი მუშაობის პერსპექტივებზე და მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩვენ გვაქვს რესურსი და მიგვაჩნია, ძალიან მნიშვნელოვანია აკადემიის ბაზაზე შეიქმნას სასწავლო ცენტრი, რომელიც სოფლის მეურნეობის დარგის სპეციალისტების ცოდნისა და კვალიფიკაციის ამაღლებას უზრუნველყოფს“, - განაცხადა გურამ ალექსიძემ.

გამომსვლელმა მეცნიერებმა დეტალურად ისაუბრეს სოფლის მეურნეობაში დარგობრივი განვითარების, მიწის რესურსის რეგულირების, დარგის სპეციალისტების მომზადების მნიშვნელობაზე.

შეხვედრა სოფლის მეურნეობის მინისტრმა შეაჯამა. ოთარ დანელიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია მეცნიერების ჩართულობა იმ პროცესებში, რომლებიც სახელმწიფოს ხელშეწყობით სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისთვის მიმდინარეობს.

მინისტრმა სოფლის მეურნეობის დარგში არსებულ მდგომარეობაზე და გამოწვევებზე ისაუბრა.

 „მოხარული ვარ, რომ დღეს ეს შეხვედრა შედგა. მოვისმინეთ მეცნიერების მოსაზრებები და შეფასებები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მეცნიერებათა აკადემია ჩართულია სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის დოკუმენტის დამუშავებაში. სამომავლოდ, ჩვენ ვგეგმავთ აქტიურად ვითანამშრომლოთ; ვგეგმავთ, სამინისტროს ფარგლებში ჩამოვაყალიბოთ ექსპერტთა საბჭო, რომელთა წევრებიც მონაწილეობას მიიღებენ დარგობრივი  განვითარების მიმართულებით გასატარებელი ღონისძიებების შემუშავებაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მაქსიმალურად გამოვიყენოთ მეცნიერების მოსაზრებები, ცოდნა და გამოცდილება“, - განაცხადა ოთარ დანელიამ. 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.  

შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, იური ნოზაძე ესწრებოდა.