სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ვისკონსინის შტატის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მდივანს, ედ უოლს და მის მოადგილეს, დიდი მორგანს შეხვდა. შეხვედრას ვისკონსინის შტატის პენიტენციური სისტემის მაღალი რგოლის მენეჯერებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც სტუმრებს მათთვის დაქვემდებარებული სფეროები გააცნეს.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მდივანმა კოლეგას სასჯელღსრულების სისტემის მართვის მისეული გამოცდილება გაუზიარა და ამ მიმართულებით ვისკონსინის შტატის სპეციფიკაზე ესაუბრა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი მონიტორინგისა და ტრეინინგების ცენტრებსაც ეწვია, სადაც საქართველოს პენიტენციური სისტემის თავისებურებებზე, დაგეგმილ რეფორმასა და პრიორიტეტებზე ცენტრების თანამშრომლებისა და სტუდენტების კითხვებს უპასუხა.
„წელს საუძველი ჩაეყარა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სასჯელაღსრულების სფეროში თანამშრომლობას, რომელიც დაგვირგვინდა ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერით. აღნიშნული თანამშრომლობის ქვაკუთხედს საქართველოში თანამედროვე და ჰუმანური სასჯელაღსრულების პრაქტიკის დანერგვა წარმოადგენს. ეს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან უაღრესად მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა, ვინაიდან დღეს ჩვენ სასჯელაღსრულების სისტემის განვითარების ახალ ეტაპზე გადავდივართ. ამ ეტაპზე უმნიშვნელოვანესია სწორი მენეჯმენტი და გრძელვადიანი დაგეგმვა, რათა საქართველოში ჩამოყალიბდეს სასჯელაღსრულების თანამედროვე სისტემა. მოხარული ვარ, რომ პროექტის ფარგლებში ვისკონსინის შტატის სასჯელაღსრულების სისტემის საუკეთესო გამოცდილების გაზიარება ხდება” - აღნიშნა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა.