"ძნელი სათქმელია ხდებოდა თუ არა 5000 წლის წინ საყდრის-ყაჩაღიანზე ოქროს მოპოვება, თუმცა, რამდენადაც მე ვიცი, ნეოლითის ხანაში, ადამიანი არ ხმარობდა ოქროს სამკაულს, იარაღებისთვის კი ოქრო არ ვარგა.
ოქრო ის იშვიათი მეტალია, რომლის ქიმიური გახსნითა და რეაქციით, პროდუქტის მიღება შეუძლებელია. ის მხოლოდ ციანიდებში იხსნება და ასევე "მეფის არაყში“ (ორი მჟავის ნარევი). მაშინ, არც ციანიდები იცოდნენ, მითუმეტეს არც ეს მჟავები და მათი ერთმანეთთან შეერთების წესი. ოქრო ასევე იხსნება ვერცხლის წყალში. ალბათ გინახავთ ტაძრების მოოქროვილი სახურავები, რაც განსაკუთრებით რუსეთში გვხდება. ვერცხლის წყალში ხსნიან ოქროს, შემდეგ ამ ხსნარით სპილენძის თუნუქს ფარავენ. შემდეგ ვერცხლისწყალი ორთქლდება და რჩება ოქრო. და შეიძლება ვინმემ ისიც ამტკიცოს, რომ ათასწლეულების წინ ეს პროცესიც ხორციელდებოდა?" - აცხადებს გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საინჟინრო და საბუნებისმეტყველო აკადემიების სრული წევრი დავით არევაძე
- ბატონო დავით, საზოგადოების პოზიცია ორ ნაწილად იყოფა, ერთნი ამბობენ, რომ იქ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მეორე მხარე აცხადებს, რომ კომპანიამ მუშაობა არ უნდა შეაჩეროს. თქვენ რა აზრის ხართ ამაზე?
- არ უარვყოფ, რომ რომ იქ არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, მაგრამ, უნდა გაჩერდეს თუ არა ამის გამო კომპანია? როგორც ვიცი, საქმე იმაშია რომ, სრულად ამოიწურა სპილენძითა და ოქროთი მადნეულის საბადო. თუ არ ვცდები იქ 3000-მდე ადამიანი მუშაობს. საწარმოო რომელსაც ამდენი ადამიანი ჰყვას დასაქმებული, რომ გაჩერდეს, იქ შეიძლება სოციალური აფეთქებაც კი მოხდეს.
საუბარი იმის თაობაზე, რომ UNESCO-ს რეკომენდაციის საფუძველზე შეიძლება შეჩერდეს სამუშაოები მთლიანად საბადოზე არარეალურია. შესაძლოა ითქვას, რომ სამუშაოები დროებით უნდა შეჩერდეს ლოკალურ უბანზე.მაგრამ, როგორ შეიძლება სამუშოები საერთოდ გაჩერდეს?! ეს ხომ ხალხის დასაქმეებაა და არავისთვისაა უცხო, რომ ამ მხრივ სახელმწიფოს ძალიან უჭირს. იცით რაშია საქმე, ცნობილია, რომ ოქროს მოპოვება ინვესტორისათვის ძალიან რენტაბელური დარგია, მაგრამ, ამასთან ძალიან მომგებიანია სახელმწიფოსათვისაც, რადგან თუ ინვესტორს მოგების სახით 20-25 პროცენტი რჩება, დანარჩენი ხელფასებისა და სხვადასხვა გადასახადების სახით უკვე სახელმწიფოსია.
ევროპა სამთო მრეწველობით დადგა ფეხზე. ასევე უდიდესი წვლილი შეიტანა სამთო მრეწველობის დარგმა ომის შემდგომი იაპონის განვითარებაში. სხვათაშორის, არანაკლები სამთო არქეოლოგიური ძეგლები აქვს იაპონიას, საფრანგეთს, ესპანეთს, იტალიას, გერმანიასა და ევროპის სხვა ქვეყნებს.
თუ არ ვცდები საყდრისი-ყაჩაღიანის ირგვლივ საკითხი ასე დგას, დარჩეს ძეგლი იქ სადაც ფიქსირებულად არსებობს თუ გადატანილი იქნეს სხვა ადგილზე ან მუზეუმში. თუ ადგილს შეუცვლიან ან მუზეუმში გადაიტანენ, იმ შემთხვევაში მთლიანად აითვისებენ საბადოს და არავითარი პრობლემა არ იქნება. მაგრამ, ეტყობა ჩვენი არქეოლოგები მოითხოვენ, რომ ძეგლი ხელუხლებლად დარჩეს.
ვიცი, ამის გამო დიდი უსიამოვნება მექნება, მაგრამ მაინც ვიტყვი, იმ ადამიანებს, რომლებიც იქ სხედან და ხელს უშლიან საწარმოს მუშაობაში, არ უნდათ შეთანხმებითა და მოლაპარაკების გზით დასრულდეს ყველაფერი. მიდიან უკიდურეს დონეზე და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მოლაპარაკებები არ შედგეს და საქმე სასამართლომდე მიყავთ.
- თქვენ თვლით, რომ სასამართლოს გარეშეც შეიძლებოდა ამ პრობლემის მოგვარება? როგორ?
- რაც საყდრისი-ყაჩაღიანის ირგვლივ ხდება, ამის მოგვარება სასამართლოს გარეშეც შეიძლებოდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რა თქმა უნდა ქართული კულტურული და არქეოლოგიური ძეგლი არ უნდა დაზიანდეს, მაგრამ ორივე მხარე მაგიდასთან უნდა დაჯდეს და დაილაპარაკოს. ვფიქრობ, რომ გამოჩნდება ისეთი კაცი, რომელიც შუაში ჩადგება და ბოლოსდაბოლოს ამ პრობლემას თავს მოაბამს.
რა თქმა უნდა, არ შეიძლება სათანადოთ არ იქნას შეფასებული ძეგლის ადგილი და როლი ქართულ და ღმერთმა ქნას მსოფლიო კულტურაში და ძეგლი დაზიანდეს ან კიდევ უარესი - განადგურდეს, მაგრამ, ასევე არ შეიძლება "არემჯი" გაჩერდეს. ვიმეორებ, ამ საკითხის მოგვარება შეიძლება მხოლოდ კეთილი ნებით, ორი ჯგუფის დაჯდომითა და მუშაობით.
- თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ, 2006 წლამდე თუ არსებობს სადმე დოკუმენტაცია, რომლის თანახმადაც საყდრისი-ყაჩაღიანი კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შედიოდა?
- იცით, პირველად საყდრისის შესახებ დაახლოებით მაგ პერიოდში გავიგე. ქალბატონი ირინა ღამბაშიძე მოვიდა ჩემთან და ვისაუბრეთ. მე მაშინ კავკასიის მინეროლოგიური ნედლეულის ინსტიტუტის დირექტორი ვიყავი. ღამბაშიძე 2004 თუ 2005 წელს იყო ჩემთან. იმის შემდეგ მე მას აღარ შევხვედრივარ.
ის, რასაც "არემჯის" გეოლოგები ამბობენ ყურადსაღებია. საყდრისი შესაძლებელია არქეოლოგიური ძეგლია, მაგრამ ამის დასამტკიცებლად მეტი მუშაობაა საჭირო. აქ მხოლოდ არქეოლოგთა ორი ჯგუფი არ უნდა მუშაობდეს, სხვა ქვეყნების არქეოლოგებიც უნდა იყვნენ ჩართულები.
თუკი სპეციალისტები მოახერხებენ დაამტკიცონ, რომ ეს მართლაც არის ძველი ოქროს წარმოების პირველი კერა მსოფლიოში, ეს გაზრდის საქართველოს ცნობადობას. დიდებული იქნება თუ საქართველოს აღიარებენ არა მხოლოდ ბრინჯაოსა და ფოლადის მეტალურგიის ერთერთ კერად ძველ მსოფლიოში არამედ ოქროს მოპოვებისა და მეტალურგიის კერადაც. ჩაიხედეთ ინტერნეტში - პრაქტიკულად აღარავის აღარ ეპარება ეჭვი იმაში, რომ აფრიკიდან გომინიდების განსახლება ევროპასა და აზიაში საქართველოს გავლით ხდებოდა. სხვათა შორის საქართველოში ბევრისათვის არ არის ცნობილი, რომ "კავკასიური რასა" თეთრი რასის სინონიმია და რომ ეს ფრაზა მეთვრამეტე საუკუნეში მეცნიერებაში შემოიტანა ანტროპოლოგიის პატრიარქმა იოჰან ბლუმენბახმა. ის ამტკიცებდა, რომ კავკასიონის სამხრეთ ფერდზე ცხოვრობს ადამიანთა ყველაზე ლამაზი რასა და პირველ რიგში მათი წარმომადგენლები არიან ქართველები. დიდებულია - ჰომინიდები საქართველოდან, ბრინჯაო საქართველოდან, ფოლადი საქართველოდან, ევროპული თეთრი რასა საქართველოდან. რა თქმა უნდა კარგი იქნება თუ ამას დაემატება ისიც, რომ ოქროს მოპოვება პირველად საქართველოს ტერიტორიაზე დაიწყო...
მაგრამ, ჩვენს შემთხვევაში საქართველოში 3000 კაცი უმუშევარი რჩება. კომპანია "არემჯის" კი თუ მუშაობის საშუალებას არ მისცემენ, შეიძლება ინვესტორი საერთოდ წავიდეს ქვეყნიდან, რაც ძალიან ცუდი პრეცედენტი იქნება.
დაამტკიცონ არქეოლოგებმა ისე რომ ჩემთვის, არასპეციალისტისათვის, დავით არევაძისათვის მისაღები იყოს მათი არგუმენტები. მე როგორც გეოლოგი მათთვის ბევრ რამეს გასაგებს გავხდი, მაგრამ მათ უნდა დაამტკიცონ ის, რომ ეს ნამდვილად ძეგლია და თუ ეს ნამდვილად ასეა, შეუძლებელი არაფერია. როდესაც ასუანის კაშხალს აშენებდნენ ეგვიპტეში, ორი უზარმაზარი ტაძარი ბლოკებად დაჭრეს და გადაიტანეს უსაფრთხო ტერიტორიაზე. იმ დროს საქმეს ასე სჭირდებოდა და ეს იმ ქვეყნის ისტორიისათვის და პრესტიჟისათვის აუცილებელი იყო.
- და გამოსავალი რა არის თქვენი აზრით?
- აქ მთავარია, ორივე მხარე მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდეს. სასამართლო ამას არაფერს უშველის, რადგან შეიძლება უფრო გაამწვავოს სიტუაცია. ასევე, ერთი არქეოლოგიური ჯგუფის მუშაობა არ არის საკმარისი.
როდესაც დმანისში პირველყოფილი ადამიანის სადგომი აღმოაჩინეს იქ ჩამოვიდა არა მხოლოდ ერთი არქეოლოგიური ჯგუფი, არამედ ჯგუფები რამდენიმე ქვეყნიდან. ჩამოჰყავდათ სტუდენტებიც. ყველამ ერთიანად აღიარა, რომ ეს არის უნიკალური ძეგლი, რაც აღარ გამხდარა საეჭვო.
როგორც "არემჯის" წარმომადგენლებმა გვითხრეს უახლოეს დროში "რიჩ მეტალს გრუპის" მფლობელი დიმიტრი ტროიცკი ჩამოდის. ვფიქრობ, ის უნდა შეხვდეს არქეოლოგებს და ერთად იმსჯელონ ამ საკითხებზე.