„მაგთიკომის“ იურიდიული სამსახურის უფროსის მოადგილის ირაკლი მჟავანაძის განცხადებით, კომპანიაში ე.წ. გასაღების არსებობის შემთხვევაში საიდუმლო ინფორმაციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მაღალი რისკები არსებობს.
„კომპანიისთვის ერთმნიშვნელოვნად მიუღებელია ფარულ მოსმენებთან და ინფორმაციის შენახვასთან დაკავშირებული ე.წ. გასაღების არსებობა კერძო კომპანიაში. ჩვენთვის ოპტიმალური და კომპრომისული ვარიანტია ორგასაღებიანი მოდელის არსებობა იმ დროს, როდესაც ორივე გასაღები კომპანიის ფარგლებს მიღმა იარსებებს. თუნდაც ერთი გასაღები იყოს, მაგრამ ის აუცილებლად კომპანიის ფარგლებს მიღმა უნდა იყოს მოქცეული. არის სამი მიზეზი, რის გამოც ეს პოზიცია ჩამოგვიყალიბდა: ერთი ამ ინფორმაციასთან კომპანიებში - ვისაც შეხება აქვს, მათ უკან გარკვეული უცხოელი სუბიექტები დგანან, იგულისხმება დამფუძნებლები. შესაბამისად, მაღალია რისკი იმისა, რომ ცვლადი მენეჯმენტის შემთხვევაში არაუფლებამოსილ პირებს შეუზღუდავი წვდომა ექნებათ და ფარული ინფორმაციის უსაფრთხოება დაცული არ იქნება. მეორე - კომპანიებს არ აქვთ შემუშავებული ამ ინფომაციის შენახვის შესაბამისი პოლიტიკა. მესამე, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, არის ის, რომ კერძო კომპანიაში გასაღების არსებობის შემთხვევაში კომპანიას არაადეკვატურად მაღალი ხარჯების გაღება მოუწევს. დღესდღეისობით ე.წ. გასაღების მიღების არავითარი ტექნიკური შესაძლებლობა არ არის. სიღრმისეული ანალიზი გვჭირდება თუ რა მოცულობის ინფორმაციის დატევა დაგვჭირდება და ამის მიხედვით უნდა დავითვალოთ თუ რა ტევადობის სერვერების შესყიდვა მოგვიწევს“, - განაცხადა მჟავანაძემ.
შეგახსენებთ, პარლამენტში ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით რამდენიმე კანონპროექტია ინიცირებული. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ფარულ მოსმენებზე წვდომის ე.წ. გასაღების მობილური კომპანიებისთვის გადაცემას მიზანშეწონილად მიიჩნევს. ხელისუფლება ამ ვარიანტს ეწინააღმდგება.