დღეს, სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია გერმანელ ეკონომისტთა ჯგუფის “GET საქართველო” ხელმძღვანელს შტეფან ფონ კრამონ-ტრაუბადელის შეხვდა.
გერმანელ ეკონომისტთა ჯგუფი “GET საქართველო” გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის ფედერალური სამინისტროს პროექტია, რომელიც 2014 წლის სექტემბერში შეიქმნა. პროექტის მიზანია საქართველოში ეკონომიკურ-პოლიტიკური რეფორმების პროცესისა და ეკონომიკის სისტემური პირობების მდგრადი განვითარების ხელშეწყობა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე “GET საქართველო” ხელმძღვანელმა გერმანელ ეკონომისტთა ჯგუფის მიერ მომზადებული კვლევის „საქართველოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი“ პრეზენტაცია გამართა.
“საქართველოს სოფლის მეურნეობა ქართული ეკონომიკისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის კომპონენტს წარმოადგენს. სოფლის მეურნეობას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს სიღარიბის დაძლევაში. წარმოდგენილი კვლევის მიზანი იყო შეგვესწავლა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის საექსპორტო პოტენციალი. ამ კუთხით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციას”, - განაცხადა შეხვედრაზე გერმანელ ეკონომისტთა ჯგუფის “GET საქართველო” ხელმძღვანელმა.
„სოფლის მეურნეობის სამინისტრო ყოველდღიურ რეჟიმში აქტიურად მუშაობს ქართული სასოფლო-სამეურნეო პორდუქციისათვის ბაზრების დივერსიფიკაციაზე. ჩვენი ამოცანაა მაქსიმალურად გავზარდოთ ქართული ღვინის, მინერალური წყლების და სხვა აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის მოცულობა. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების და ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA) შეთნხმების გაფორმების შემდეგ ჩვენთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ევროპელი კოლეგების მხარდაჭერა, რათა ქართული პროდუქციის ხარისხი სრულად შეესაბამებოდეს საერთაშორისო ნორმებით დადგენილ თანამედროვე ევროპულ სტანდარტს, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურ რეალიზაციას“, - განაცხადა შეხევდრაზე ოთარ დანელიამ.