საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, საქართველო, ქართული კომპანიების სახით, ქალაქ მინსკში გამართულ გამოფენაზე PRODEQSO-2014 პირველად იყო წარმოდგენილი. აღნიშნული ღონისძიება ადგილობრივ და სხვა ევროპულ ქვეყნებში წარმოებული საკვები პროდუქციის გამოფენასა და დეგუსტაციას ითვალისწინებს. გამოფენის ფარგლებში ტარდება მასტერკლასები და მრგვალი მაგიდები, სადაც სხავდასხვა ქვეყნის მწარმოებლებს საშუალება ეძლევათ საკუთარი პროდუქციის პოპულარიზაცია მოახდინონ.
„პროდექსპოს“ მე-20 საერთაშორისო გამოფენის ოფიციალურ საზეიმო გახსნას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილი დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა. მისი განცხადებით, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობა, რაც საშუალებას იძლევა ხელი შევუწყოთ საქართველოში წარმოებული პროდუქციის ცნობადობის ამაღლებასა და პოპულარიზაციას სხვადასხვა საერთაშორისო ბაზარზე.
გამოფენაზე წარმოდგენილი ქართული სტენდი ბელარუსის მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა დაათვალიერეს და ქართული ღვინის დეგუსტაციაში მიიღეს მონაწილეობა. როგორც ბელარუსის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ნადეჟდა კატკავეცმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო გამოფენაზე მაღალხარისხიანი პროდუქციითაა წარმოდგენილი, მათ შორისაა, ისეთი პროდუქცია, რომელიც ბელარუსში არ იწარმოება.
გამოფენის ფარგლებში ქართულ სტენდზე წარმოდგენილია ქართული ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელები, მათ შორის, ქართული ღვინო, ჭაჭა, ხილის წვენები, ლუდი, ასევე, ჩურჩხელებისა და ჩირების ნაირსახეობა, ტყლაპი, თხილი, ნიგოზი, ჩაი, მურაბა, ჯემი, ტყემალი და სუნელები.
გამოფენაში მონაწილეობას იღებენ ქართული კომპანიები: „სარაჯიშვილი“, „შუხმანი“, „ქიმერიონი“, „ზედაზენი“, „დუგლაძეების ღვინის კომპანია“, „ნატახტარი“, „ბაგრატიონი“, „გურიელი“, „ფლატე“, „ჩარგალის წყაროები“, „ელკანა“, „აგროფირმა ქობულეთის ჩაი“, „მეგობრობა“, „ბიოპქოდუქტი“.
ქალაქ მინსკში გამართულ საერთაშრისო გამოფენაზე PRODEQSO 2014 20-მდე ქვეყანა მონაწილეობს და ასობით კომპანიაა წარმოდგენილი.
საერთაშორისო გამოფენა „პროდექსპო“ 14 ნოემბრამდე გაგრძელდება.