სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო აღარ გაუკეთებს ინიცირებას საკანონმდებლო ცვლილებას, რომლის მიხედვით პატიმრობის კოდექსში, სპეციალური საშუალებების ჩამონათვალში ელექტროშოკიც უნდა შესულიყო.
ამის შესახებ დღეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ თეა პერტაიამ ბრიფინგზე განაცხადა. ის აცხადებს, რომ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობისას სამინისტრომ გაითვალისწინა არასამთავრობო სექტორის მოსაზრება, რომელიც სპეციალურ საშუალებების ჩამონათვალში ელექტროშოკის შესვლას არ იზიარებდა.
სამინისტრო მზადაა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისას გაეცნოს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მოსაზრებებს და კონსტრუქციული თანამშრომლობით ერთობლივად გაეცეს პასუხი სისტემის წინაშე არსებულ გამომწვევებს. ამის ერთ-ერთი დამადასტურებელია ფუნდამენტური რეფორმის კანონპროექტი, რომელიც მთავრობისა და პარლამენტისთვის გაცნობამდე, სწორედ სამოქალაქო საზოგადოებას წარედგინა. მიღებული წინადადებების დამუშავებისა და გაანალიზების შედეგად კი შეიქმნა დოკუმენტი, რომელიც მთავრობას განსახილველად წარედგინება და გადაეგზავნება პარლამენტს. ესაა გარდამტეხი ეტაპი სისტემის განვითარების ისტორიაში და მნიშვნელოვანია ამ ძირეული ცვლილებების მონაწილე სწორედ სამოქალაქო საზოგადოება გახდეს.
სამინისტროს წარმომადგენლის განმარტებით, ელექტროშოკის დაშვების შესაძლებლობის განხილვისას, სამინისტროს არგუმენტი იყო ის, რომ კრიტიკულ სიტუაციებში განსაკუთრებული რისკის მსჯავრდებულთან უშუალო კონტაქტი თანამშრომლისთვის მაღალი საფრთხის შემცველია, ასეთ შემთხვევაში კი ელექტროშოკის გამოყენება არის თავდაცვის და არა დასჯის საშუალება.
„ელექტროშოკის გამოიყენება აშშ-ის 45 შტატში, ჩეხეთის რესპუბლიკაში, ფინეთსა და დიდ ბრიტანეთში. ამ მხრივ, დასავლური სტანდარტები არ გვზღუდავს, თუმცა მოცემული უწყების განვითარებისთვის ფასეულია ქვეყნის სამოქალაქო სექტორის მოსაზრებები. ამიტომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ მთავრობას წარედგინოს კანონპროექტი, რომელშიც ელექტროშოკი გათვალისწინებული აღარ იქნება.“ - განაცხადა თეა პერტაიამ.
სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსტრუქციული თანამშრომლობის ფორმატის გაძლიერების მიზნით, იგეგმება საკონსულტაციო საბჭოს შექმნა, რომელიც არასამთავრობო სექტორსა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შორის არსებულ თანამშრომლობას კიდევ უფრო გააღრმავებს.