„ნოემბერი ქართულ პოლიტიკაში ერთგვარი საბედისწერო თვეა: 2003 წელს, ნოემბერში, „ვარდების რევოლუცია" მოხდა; 2007 წელს, ნოემბერში პოლიციამ ულმობლად დაარბია საპროტესტო მიტინგი, რასაც ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები მოჰყვა", - ნათქვამია სტატიაში, რომელსაც შემოკლებული სახით გთავაზობთ:
შვიდი წლის შემდეგ მთავრობაში კვლავ არეულობაა: ოთხ ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა თანამდებობიდან ყველაზე პოპულარული მინისტრი, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ირაკლი ალასანია გაათავისუფლა. მას კიდევ რამდენიმე მინისტრი მიჰყვა, თუმცა, ისინი ნებაყოფლობით გადადგნენ, პროტესტის ნიშნად - ირაკლი ალსანიას სოლიდარობა გამოუცხადეს. ეს პირველი სამთავრობო პოლიტიკური კრიზისია „ქართული ოცნების" არსებობის ისტორიაში, რომელსაც შეუძლია, გავლენა მოახდინოს ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე, ევროპასთან და ამერიკასთან არსებულ ახლო კავშირებზე.
ბატონი ირაკლი ალასანიას გათავისუფლება კორუფციის ფაქტებზე თავდაცვის სამინისტროში დაწყებულ გამოძიებას მოჰყვა. პროდასავლელმა მინისტრმა პროკურატურის მოქმედება „საქართველოს პროევროპულ კურსზე თავდასხმად" მიიჩნია, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კი მის განცხადებებს ჯერ „აბსურდული" უწოდა, მოგვიანებით კი, 6 ნოემბერს, უფრო შორს წავიდა და ირაკლი ალასანია „მოღალატედ" შერაცხა.
ირაკლი ალასანია წინააღმდეგობას უწევს გამოძიებას? ცხადია, ამისთვის კარგი დრო არ არის შერჩეული. მისი თანამშრომლების დაპატიმრება მაშინ დაიწყო, როცა მინისტრი ვიზიტით იყო დასავლეთის სახელმწიფოებში - საფრანგეთსა და გერმანიაში. ირაკლი ალასანიას გათავისუფლება დღეს, როცა საქართველო მჭიდრო ინტეგრაციაშია დასავლეთთან, როცა NATO-ს წევრებმა ამ ზაფხულს გამართულ სამიტზე თბილისს ბევრი რამ აღუთქვეს, კონტრშედეგობრივი იქნება. მის შემცვლელ მინდია ჯანელიძეს ჯერ არავინ იცნობს.
ამასთან, ირაკლი ალასანიას მოთხოვნებს ყველა არ ეთანხმება, მაგალითად, იუსტიციის მინისტრი, რომელიც მისივე გუნდის წევრად მოიაზრება. პარლამენტის პროდასავლელმა სპიკერმა მის განცხადებებს „უსაფუძვლო" უწოდა. „თავისუფალმა დემოკრატებმა" კოალიცია დატოვეს და ამით „ქართული ოცნება" უმრავლესობის დაკარგვის საფრთხის წინაშე დააყენეს.
კოალიციაში დაპირისპირება ადრეც იყო, თუმცა, ახლა ეს ყველაფერი აშკარა გახდა. ირაკლი ალასანია ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის დროს მთავრობის ვიცე-პრემიერი გახლდათ, მაგრამ პრეზიდენტად არჩევის სურვილის გამოხატვის გამო ივანიშვილმა იგი ვიცე-პრემიერობიდან დააქვეითა და 2013 წლის იანვარში თავდაცვის მინისტრად დანიშნა. ვარაუდები იმისა, რომ ჩრდილში მყოფი ბიძინა ივანიშვილი ჯერ კიდევ მართავს მთავრობას „უხილავი ძაფებით", საქართველოში ფართოდაა გავრცელებული. ერთ-ერთმა ცნობილმა პოლიტიკურმა კომიკოსმა დღევანდელ პრემიერს ირაკლი ღარიბაშვილს „პრემიეროვიჩი" უწოდა, რაც წინა პრემიერის შვილს ნიშნავს. გარდა ამისა, ირაკლი ღარიბაშვილს ხშირად აქვს სიტყვიერი შეხლა-შემოხლა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან.
დასავლეთის ქვეყნებმა უკვე გამოხატეს თავიანთი შეშფოთება საქართველოს მთავრობაში მიმდინარე შიდა დაპირისპირების გამო. 5 ნოემბერს აშშ-ის ელჩმა ეჭვი გამოთქვა, რომ ხელისუფლება პროკურატურას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.
მაგრამ ყველაზე მთავარ პრობლემას საქართველოსთვის დღეს რუსეთი წარმოადგენს. კოალიცია „ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოსკოვთან ურთიერთობის გაუმჯობესების იმედითა და დაპირებით მოვიდა. ეს დაპირება ნაწილობრივ წარმატებით შესრულდა: რუსეთი დღეს საქართველოს მეოთხე სავაჭრო პარტნიორია, მაგრამ უკრაინის მოვლენებმა და აფხაზი და ოსი სეპარატისტების შეურიგებელმა მოქმედებამ აჩვენა, რომ რუსეთთან ურთიერთობის განვითარებას თავისი საზღვრები აქვს: ოქტომბერში მოსკოვმა სოხუმს ხელშეკრულების ახალი პროექტი შესთავაზა, რომლის მიხედვით, აფხაზეთი კიდევ უფრო მეტად მოექცევა რუსეთის კონტროლის ქვეშ. თბილისმა რუსული ნაბიჯის გამო აღშფოთება გამოხატა.
„ქართული ოცნება", ალბათ, რაღაც ეტაპზე მაინც დაიშლებოდა: გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ კოალიციის წევრების ერთიანობის საფუძველს „ნაციონალური მოძრაობის" მიმართ ოპოზიციური დამოკიდებულება წარმოადგენდა. მაგრამ, თუ ბატონი ალასანიას მთავრობიდან წასვლას გავითვალისწინებთ, დროთა განმავლობაში, ქართველმა პოლიტიკოსებმა უფრო ნათლად უნდა განსაზღვრონ, თუ რას უჭერენ ისინი მხარს და არა მხოლოდ ის, თუ რას ეწინააღმდეგებიან. თუ ეს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებით გამოვლინდება, ცუდი არ იქნებოდა.
http://www.economist.com/blogs/easternapproaches/2014/11/georgian-politics