ოთარ დანელია ისრაელში ოფიციალურ შეხვედრებს მართავს

ოთარ დანელია ისრაელში ოფიციალურ შეხვედრებს მართავს

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, ისრაელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ისრაელის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად შეხვედრებს მართავს.

ისრაელის სოფლის მეურნეობის მინისტრთან, იაირ შამირთან გამართულ შეხვედრაზე ოთარ დანელიამ  დეტალურად ისაუბრა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებზე, ასევე იმ სიახლეებზე, რომლებიც დარგის განვითარების მიმართულებით ხორციელდება, მათ შორის, საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ახალ სტრატეგიასა და  აგროდაზღვევის პროგრამის შესახებ. ისრაელის სოფლის მეურნეობის მინისტრმა დადებითად შეაფასა საქართველოს ხელისუფლების მიერ სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისთვის გადადგმული ნაბიჯები და მომავალი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა. იარ შამირმა ოთარ დანელია პირადად მიიწვია  სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე (AGRITECH), რომელიც 2015 წლის აპრილში ისრაელში გაიმართება. შეხვედრის დასასრულს ისრაელისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრებმა თანამშრომლობის შესახებ  მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

„ისრაელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შევხვდი ჩემს კოლეგას. ვისაუბრეთ ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობებზე. ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.  სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა იგეგმება, მათ შორის,  საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიების შემოტანის მიმართულებით“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.  

ისრაელის სოფლის მეურნეობის მინისტრის, იაირ შამირის განცხადებით, დაგეგმილია არაერთი ღონისძიება, რომლთა განხორციელებაც მომავალში  ერთობლივად მოხდება. 

ვიზიტის ფარგლებში ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა შეხვედრა გამართა ისრაელის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (MASHAV) ხელმძღვანელთან, ჯილ ჰასკელთან, სადაც აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია თანამშრომლობა  სასწავლო კურსების ორგანიზებისა  და ცოდნის გაზიარების მიმართულებით უახლესი ტექნოლოგიების კუთხით. გადაწყდა, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს სოფლის მეურნეობის განვითარების სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, მოსავლის შენახვის, შეფუთვისა და დასაწყობების უახლესი ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით.

საქართველოს დელეგაციის წევრები ისრაელის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციაში იმყოფებოდა, სადაც სოფლის მეურნეობის პროდუქციის შენახვისა და დასაწყობების უახლეს ტექნოლოგიებს გაეცნენ; დაათვალიერეს მცენარეთა  გენეტიკური ბანკი, რომელიც ფოკუსირდება მცენარეების იშვიათ ჯიშების კონსერვაციაზე.

ისრაელში ვიზიტის ფარგლებში გამართულ ოფიციალურ შეხვდრებს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, მინისტრის მოადგილე ნოდარ კერესელიძე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე მიხეილ სოხაძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პაატა კალანდაძე ესწრებოდნენ.