ესტონეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნოდარ კერესელიძე ესტონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებს ოლავი პეტრონსა და ტომას კევაის შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2015 წლიდან საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკას შორის სოფლის მეურნეობის დარგში თანამშრომლობა ინტენსიურ ფაზაში გადავა. თანამშრომლობის პრიორიტეტულ სფეროებად განისაზღვრა - მიწის მართვის ეფექტიანი სისტემის დანერგვა, სურსათის უვნებლობისა და ფიტოსანიტარიის კანონმდებლობის ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია, სამეცნირო-კვლევით ცენტრებს შორის თანამშრომლობის განვითარება და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა და ექსტენციის ცენტერების ხელშეწყობა. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ჩამოყალიბდება უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზე იმუშავებს.
ნოდარ კერესელიძემ ესტონელ კოლეგას საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებების მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ესტონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ოლავი პეტრონმა დადებითად შეაფასა საქართველოში აგრარული დარგის განვითარებისა და ევროკავშირთან მიახლოების კუთხით გადადგმული ნაბიჯები და აღნიშნა, რომ ესტონეთმა ევროკავშირში გაწევრიანებამდე (2004 წელი) რთული გზა გაიარა.
ნოდარ კერესელიძემ ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა ესტონეთის რესპუბლიკის პარლამენტის ტურიზმისა და ადგილობრივი საკვები პროდუქციის კომისიის ხელმძღვანელთან, იმრე სოოართან და ესტონეთის ვეტერინარიისა და სურსათის ბორდის გენერალურ დირექტორთან, აგო პარტელთან.
გამართულ შეხვედრებს საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ესტონეთის რესპუბლიკაში თეა ახვლედინი ესწრებოდა.