ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა თურქეთის რესპუბლიკის სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის მინისტრთან, მეჰდი ეკერსთან.
შეხვედრაზე მეჰდი ეკერსმა აღნიშნა, რომ მისასალმებელია საქართველოს მთავრობის მიერ სოფლის მეურნეობის დარგის პრიორიტეტად გამოცხადების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება.
მხარეებმა შეხვედრაზე თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოდან აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ზრდის შესაძლებლობა განიხილეს. გადაწყდა, რომ შეიქმნას ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის დარგში თანამშრომლობის საკითხებზე იმუშავებს. მინისტრები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნული სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა წელს გაიმართება.
თურქეთის რესპუბლიკის სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის მინისტრმა ოთარ დანელიას მიწის რეგულირების საკითხებთან დაკავშირებით თურქეთის გამოცდილება გაუზიარა.
შეხვედრაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ თურქეთის რესპუბლიკა და საქართველო ცხოველთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის ერთობლივ ღონისძიებებს დაგეგმავს და შეიმუშავებს, მათ შორის საკანონმდებლო დონეზეც.
მინისტრები შეთანხმდნენ სოფლის მეურნეობის მიმართულებით ერთობლივი საინვესტიციო პროექტების განხორციელებაზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები იური ნოზაძე და დავით გალეგაშვილი.
თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, დავით გალეგაშვილმა ქ. ტრაბზონში თხილის გადამამუშავებელი ქარხანა დაათვალიერა. ქ. ტრაბზონშივე საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, იური ნოზაძე სამეცნიერო-კვლევით ცენტრში იმყოფებოდა. აღნიშნული ცენტრი თხილის კულტურების კვლევის მიმართულებით მუშაობს.