ვიცე–პრემიერმა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, აზერბაიჯანული კომპანიის „სოკარ ჯორჯია გაზი“-ის წარმომადგენლებთან ერთად, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში ახლადაშენებული გაზსადენი გახსნა.
კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზმა“ სოფელ რუისში 42 კილომეტრის სიგრძის საშუალო წნევის გაზსადენს ააშენა, რის შედეგადაც სოფელში მცხოვრებ 1940 პოტენციურ აბონენტს გაზის საერთო ქსელში ჩართვის შესაძლებლობა მიეცა.
ქარელის მუნიციპალიტეტში დღეისათვის აშენებულია 120 კმ სიგრძის საშუალო წნევის გაზსადენი და მუნიციპალიტეტში მცხოვრები 3 800 აბონენტი უზრუნველყოფილია ბუნებრივი აირით. საერთო ჯამში შიდა ქართლის რეგიონში 314 კმ გაზსადენის მშენებლობის შედეგად 11 650 აბონენტი სარგებლობს ბუნებრივი აირით.
ენერგეტიკის სამინისტროსა და გაზგამანწილებელი კომპანიების მიერ შემუშავებული გეგმის თანახმად, საქართველოს მასშტაბით 2014 წლის ბოლომდე 86 ათასზე მეტი ოჯახი გაზიფიცირდება. გეგმის განხორციელების შემდეგ, გაზიფიცირებული იქნება დამატებით 252 სოფელი და ახალი ინფრასტრუქტურის შექმნაში ათობით მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება.
ამასთან, გაზგამანაწილებელი კომპანიები მოსახლეობას ოჯახში ბუნებრივი აირის შესაყვანად საჭირო თანხის რამდენიმე თვეზე გადანაწილებას სთავაზობენ. ენერგეტიკის სამინისტროსთან შეთანხმებით, აღნიშნული თანხა თვიურად 25 ლარს , ხოლო ჯამურად 600 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.