სოფლის მეურნეობის სამინისტრო და გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია სარწყავი და სადრენაჟე არხების რეაბილიტაციას განაგრძობს.
საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის დირექტორმა, ლევან დვალმა, ზემო სამგორის ზემო მაგისტრალურ არხზე არსებული გამანაწილებელი არხის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
რეაბილიტაციის ფარგლებში, არხზე მიმდინარეობს წმენდითი სამუშაოები, არხი მოპირკეთდება რკინა-ბეტონის ღარებით, რის შემდეგაც არხიდან შემცირდება წყლის დანაკარგი. “ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფ. სართიჭალის და სოფ. მარტყოფის 200 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი სრულად მოირწყვება. სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაციის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთდროულად 35 ობიექტზე მიმდინარეობს“ - განაცხადა ლევან დვალმა.
აღნიშნული სამუშაოები, რომელსაც საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია საკუთარი ძალებით ახორციელებს, მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყო და ამავე წლის ოქტომბრის ბოლოს დასრულდება.
ზემო სამგორის ზემო მაგისტრალური არხი მრავალფუნქციურია, ავსებს თბილისის ზღვას, აქვს ირიგაციული და ენერგეტიკული (ჰიდროელექტრო სადგურები) დანიშნულება, თბილისის ზღვის წყალი გამოიყენება ქალაქის წყალმომარაგებისათვის. მაგისტრალურ არხზე მდებარეობს 9 გვირაბი (ჯამში 6 კმ).
ზემო სამგორის სარწყავი სისტემა სათავეს სოფელ პალდოში იღებს, მდ. იორზე არსებული სათავე ნაგებობით და ჩაედინება თბილისის წყალსაცავში (თბილისის ზღვაში). აღნიშნული სისტემით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის 10 ათასი ჰა სასოფლო სამეურნეო მიწის ფართობი მარაგდება სარწყავი წყლით.