17 ოქტომბერს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ლატვიის იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია ესტუმრა.
დელეგაციას, რომელსაც იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი რაივის კრონსბერგსი ხელმძღვანელობს, სასჯელაღსრულების სამინისტროს ხელმძღვანელობამ სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო, დეტალურად განიხილეს ძირეული რეფორმის პროექტი, რომელიც სამინისტრომ საზოგადოებას 13 ოქტომბერს წარუდგინა და რომლის საშუალებითაც პენიტენციური სისტემა ერთიანი მართვის თანამედროვე, ეფექტიან მოდელზე გადავა.
სასჯელაღსრულების მინისტრის პირველი მოადგილის კახა კახიშვილის განცხადებით, საქართველოს, ისევე როგორც ლატვიას, საბჭოთა კავშირიდან მემკვიდრეობით ერგო პრობლემები და ეს პრობლემები გადმოჰყვა სასჯელაღსრულების სისტემასაც. სწორედ ამიტომ დაიგეგმა ფუნდამენტური რეფორმა, რომლის განხორციელებაც საქართველოს პენიტენციურ სისტემას ერთხელ და სამუდამოდ გაუთანაბრებს ევროპულ სტანდარტებს.
ლატვიის იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია საქართველოში 15 ოქტომბერს ჩამოვიდა. ლატვიის მხარის ინიციატივით დაგეგმილი ვიზიტის მიზანია, მართლმსაჯულების, სახელმწიფო სერვისების განვითარებისა და დანაშაულის პრევენციის სფეროში დანერგილი სიახლეების გაცნობა.
დელეგაცია საქართველოში ვიზიტს 18 ოქტომბერს დაასრულებს.