საქართველოს მთავრობის მეთაურმა იდეის დაკონკრეტებისგან პრემიერმა თავი შეიკავა და განმარტა, რომ მისი განხილვა 18 ოქტომბერს გაფართოებული ფორმატის უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე იგეგმება, რის შემდეგაც საჭიროების შემთხვევაში ის საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება.
ამასთან, პრემიერ-მინისტრი ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის "ინტეგრაციისა და თანამშრომლობის შესახებ" შეთანხმების კომენტირებისას განაცხადა, რომ ეს მისთვის ჩემთვის შემაშფოთებელია, რადგან პირადად ძალიან აღელვებს ჩვენი ძმების - აფხაზების, როგორც ამაყი ერის ბედი, რომლის თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის ყველაფერს გააკეთებს.
პრემიერი მიიჩნევს, რომ თუ რუსეთსა და აფხაზეთს შორის ხელშეკრულება ამ ფორმით გაფორმდება, ის, პირველ რიგში იქნება საფრთხის შემცველი აფხაზებისთვის, როგორც ჩვენთვის ძალიან ძვირფასი ერისთვის.
"არ მინდა დავიჯერო, რომ აფხაზეთის მოსახლეობა და აფხაზი ერი სწორედ ამისკენ მიისწრაფვის. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება მათ მიერ წარმოებულ 25-წლიან ბრძოლას თვითგამორკვევისთვის, აღიარებისა და ე.წ დამოუკიდებლობის მიღწევისთვის. ჩემი ინფორმაციით, აფხაზეთში არაერთგვაროვანი პოზიცია დაფიქსირდა, საკმაოდ კრიტიკული დამოკიდებულება აქვთ ამ ტექსტის მისამართით", - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ელოდებოდა რუსეთის ხელისუფლების ოფიციალურ პოზიციას, რომელიც დღეს აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე გახდა ცნობილი.
"მე მქონდა სატელეფონო საუბარი ზურაბ აბაშიძესთან და რუსულმა მხარემ პრაქტიკულად დაადასტურა, რომ ეს ხელშეკრულება არის განხილვის სტადიაში, თუმცა რა ვადებში იქნება და დარჩება თუ არა ტექსტი ამ ფორმით, ამის შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი. მე ძალიან მაინტერესებს რუსეთის ხელისუფლების საბოლოო პოზიცია. ასევე არ მინდა დავიჯერო, რომ რუსეთის ხელისუფლება აპირებს, ჩვენს კონსტრუქციულ და პრაგმატულ პოლიტიკას უპასუხოს ასეთი ნაბიჯით. ეს წესით არ უნდა შედიოდეს არავის ინტერესებში",-აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, ხელშეკრულების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ დაუყოვნებლივ გაიმართა უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომა, სადაც შემუშავდა ის პოზიცია, რომელიც შემდგომში საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაახმოვანა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა ყველა კონსტრუქციული ნაბიჯი სიტუაციის დეესკალაციისა და რუსეთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის.
"ჩვენ დავიწყეთ პირდაპირი დიალოგი, რაც იყო საერთაშორისო თანამეგობრობის პირდაპირი რეკომენდაცია. ჯერ კიდევ ორი წლის წინ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაწყებული პრაგმატული პოლიტიკა ჩვენ წარმატებით გავაგრძელეთ და ამის შედეგია რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ნორმალიზება, რის შედეგადაც 547%-ით გაიზარდა ექსპორტი რუსეთში. ჩვენ დღემდე არ დაგვიკლია მცდელობა, რათა წარმოგვეჩინა, რომ ვართ მაქსიმალურად პრაგმატული, კონსტრუქციული და სტაბილური მთავრობა. ჩვენს ამ მცდელობებს პოლიტიკურ სიტუაციაზე განსაკუთრებული გავლენა არ მოუხდენია, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებიდ გარდა", - აღნიშნა პრემიერმა.