საქართველოს პრეზიდენტი ქალთა უფლებებზე მომუშავე 25 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი იყო, ერთი მხრივ, იმ პროექტების გაცნობა, რომლებსაც არასამთავრობო ორგანიზაციები ქალებზე ძალადობის აღმოსაფხვრელად ახორციელებენ, ხოლო მეორე მხრივ, ამ მიმართულებით ახალი ღონისძიებების დაგეგმვა, რომლებშიც პრეზიდენტის ადმინისტრაცია არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მიიღებს მონაწილეობას.
შეხვედრისას ქალთა უფლებადამცველებმა პრეზიდენტს ის ძირითადი პრობლემები გააცნეს, რომლებიც დღეს ამ მიმართულებით ქვეყნის წინაშე დგას. საუბარი შეეხო ძალადობის მსხვერპლი ქალების უფლებების დაცვას, ოჯახში ქალთა ძალადობის ფაქტებს და ამ მხრივ არსებული სირთულეების დაძლევას. აღინიშნა, რომ განსაკუთრებით მძიმეა ვითარება საქართველოს რეგიონებში. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ფსიქო-რეაბილიტაციის ცენტრების მნიშვნელობასა და სხვადასხვა კამპანიის წარმოების აუცილებლობაზე. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საზოგადოების ჩაბმულობის საკითხიც განიხილეს. მათი თქმით, ამ საკითხის მიმართ საზოგადოებამ უფრო მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოს და მეტად უნდა იყოს ინფორმირებული, რათა შესაბამისი გზები მოიძებნოს სწრაფი რეაგირებისა და პრევენციისთვის.
საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა გენდერული თანასწორობის საკითხი იყო. შეხვედრისას ასევე იმსჯელეს პოლიტიკურ პროცესებში ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მათი აქტიურად ჩაბმის თაობაზე.
როგორც ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, აუცილებელია, რომ მსგავს პრობლემებთან დაკავშირებით, შეხვედრები მომავალშიც გაიმართოს, საკითხის სიღრმისეულად შესასწავლად და ქმედითი ნაბიჯების გადასადგმელად. გიორგი მარგველაშვილმა გამოთქვა მზადყოფნა პრეზიდენტის ადმინისტრაცია არასამთავრობო ორგანიზაციებთან კოორდინირებული მუშაობით აქტიურად ჩაებას ამ პროცესში.
შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია და პრეზიდენტის მრჩევლები სოფიო შამანიდი და თენგიზ ფხალაძე ესწრებოდნენ.