16 საუკეთესო სტუდენტი, რომელიც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" საზაფხულო სტაჟირებისა და დასაქმების პროგრამით გამოვლინდა, მიმდინარე წლის ოქტომბრიდან, კომპანიაში გააგრძელებს მუშაობას, - ამის შესახებ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" კომუნიკაციებისა და კორპორატიული მომსახურების დირექტორმა - ეკა ბერიძემ პროგრამის მონაწილე ახალგაზრდებს დღეს განუცხადა და მათ ახლადდასაქმებული სტუდენტები წარუდგინა. კომპანიის სათავო ოფისში შეკრებილ 61-ვე სტუდენტს, რომელიც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" საზაფხულო სტაჟირებისა და დასაქმების პროგრამაში იყო ჩართული, შესაბამისი სერთიფიკატები კომპანიის კადრების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა - სალომე ბაზერაშვილმა გადასცა.
საუკეთესო სტუდენტების დასაქმების გადაწყვეტილება კომპანიის მენეჯმენტმა საზაფხულო სტაჟირებისა და დასაქმების პროგრამის დასრულების შემდეგ მიიღო. მათი გამოვლენა, პროგრამის მონაწილე 61 ახალგაზრდას შორის, მიღებული შედეგების ანალიზირების მეთოდით მოხდა. შერჩეული 16 სტუდენტიდან ათი - უკვე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" მუდმივ შტატში ირიცხება, სამი სტუდენტი კომპანიასთან თანამშრომლობას შტატგარეშედ გააგრძელებს, სამი ახალგაზრდა კი ანაზღაურებადი სტაჟორი იქნება და პრატიკული ცოდნის შემდგომი გაღრმავების საშუალება მიეცემა.
საზაფხულო სტაჟირებისა და დასაქმების პროგრამაში პერსპექტიული და მოტივირებული ახალგაზრდების მოზიდვის მიზნით „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" ითანამშრომლა ვაკანსიათა ბაზრობა - „JOB FAIR"-თან, რომელიც მიმდინარე წლის მაისში გაიმართა. პროექტში ჩართვით კომპანიას საშუალება მიეცა, დაკავშირებოდა იმ უმაღლეს სასწავლებლებსაც, რომლებთანაც ურთიერთთანამშრომლეობის მემორანდუმი გაფორმებული არ აქვს. მნიშვნელოვანია, რომ შერჩეულმა სტუდენტებმა სტაჟირების კურსი, ძირითადად, ტექნიკური მიმართულებით გაიარეს და კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაში ჩაერთნენ. მსგავსი აქციები, მოტივირებული ახალგაზრდების დაინტერესებასა და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში" მათ სამომავლო დასაქმებას შეუწყობს ხელს.