საზოგადოებრივი მაუწყებლის „მეორე არხზე“ ჟურნალისტური გამოძიების პროექტი იწყება. პირველი საგამოძიებო ფილმი, რომელსაც „ძალაუფლების ტყვეები“ ჰქვია, ეთერში 20 ოქტომბერს, 21:30 საათზე გავა.
საგამოძიებო ფილმებს „გამომძიებელი რეპორტიორის“ შემოქმედებითი ჯგუფი ამზადებს. პროექტის ხელმძღვანელები ჟურნალისტები - ლია ტოკლიკიშვილი და მაია გოგოლაძე არიან.
როგორც ლია ტოკლიკიშვილი for.ge-სთან საუბარში განმარტავს, პროექტზე მუშაობის პერიოდში დარწმუნდა, რომ საქართველოში ბეჭდური მედიის გარდა ჟურნალისტური თავისუფლება ტელემედიაშიც შეიძლება იყოს.
„მეორე არხის ხელმძღვანელი დოდო შონავა ძალიან პრინციპული ადამიანია. ზუსტად ისე უყურებს მედიის თავისუფლებას, როგორც ჩვენ ვუყურებთ. საზოგადოებრივ მაუწყებელს ერთადერთი მოთხოვნა აქვს ჩვენგან, ხარისხიანი პროდუქცია მომზადდეს, სხვა მხრივ ყველანაიარად შეუზღუდავები ვართ“, - აცხადებს ლია ტოკლიკიშვილი.
ჟურნალისტი განმარტავს, რომ მათ მიერ მომზადებული პირველი ფილმი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ქონებაწართმეულ პირებს ეხება. ფილმის ერთ-ერთი მთავარი გმირი კი ნავთობიმპორტიორი ილია დალაქიშვილია, რომელსაც ხელისუფლებამ მილიონობით დოლარი წაართვა.
„მილიონერი აქციეს იმდენად უქონლად, რომ როცა თავად და მამამისი ციხეში ისხდნენ, ბავშვები ლამის შიმშილით ეხოცებოდა. ერთ დღეში გადააფორმებინეს მილიონნახევრად შეფასებული „პირიმზის“ მე-4 და მე-5 სართული. ილია დალაქიშვილი რომ გაიქცა საქართველოდან, მამამისი დააპატიმრეს. ილიას მოხუც მამასთან ერთად ასევე დააპატიმრეს მისი ბიზნესპარტნიორის, ალექსანდრე სუხიტაშვილის მამა - 74 წლის კაცი. „კარცერი“ გამოატარეს, საშინელ პირობებში ჰყავდათ, რათა ილია საქართველოში ჩამოეყვანათ. ამ ფილმში ყოფილი პროკურორები და გამომძიებლები თავადვე აღიარებენ, რომ არღვევდნენ კანონს ადეიშვილის მოთხოვნით. ყველანაირი დასკვნები, განაჩენები გამოჰქონდათ მხოლოდ ადეიშვილის პირადი ბრძანების საფუძველზე“,- აცახდებს ლია ტოკლიკიშვილი.
„გამომძიებელი რეპორტიორი“ მალე მეორე ფილმზე მუშაობასაც დაასრულებს, იგი ყოფილ პოლიტპატიმრებს და მათ მწამებლებს ეხებათ.
„მოწმეებით, დოკუმენტურად, ყველა მეთოდით ვადგენთ, რომ მათ ნამდვილად აწამებდნენ, ხოლო, ის ადამიანები, ვინც ამ წამებაში მონაწილოებდნენ, დღეს დაუსჯელები არიან. ზღაპარია, რომ მხოლოდ მეგის ქარდავა, ყაჭეიშვილი და მუხაძე, იგივე „ქილერა“ იყვნენ მწამებლები. მთელი სისტემა იყო და ბევრი ადამიანი იყო ჩართული ამ პროცესში - კონტრდაზვერვის სამსახურის წარმომადგენლიდან დაწყებული ციხის რიგით თანამშრომლამდე. მათი პერსონიფიცირებას ვახდენთ, თუმცა, არ ვარღვევთ უდანაშაულობის პრეზუმფციას, დამნაშავეებად არ ვასახელებთ, მაგრამ ვაძლევთ ტრიბუნას ადამიანებს, თქვან, რაც გამოიარეს“,- აცხადებს ლია ტოკლიკიშვილი და აღნიშნავს, რომ უდანაშაულოდ დაპატიმრებულ ბიზნესმენებს მოქმედმა ხელისუფლებამ, პრაქტიკულად, მხოლოდ თავისუფლება მისცა, ხოლო, მათთვის უკანონოდ წართმეული ქონების დაბრუნებაზე დღემდე არავინ ფიქრობს. წამებაში ეჭვმიტანლების დიდი ნაწილი კი დააწინაურეს კიდეც სამსახურში - რიგითი გამომძიებლები დღეს პროკურორები არიან და მსხვილი საქმეები აბარიათ, ყოფილი ჯალათობაში ბრალდებულები კი საგამოძიებო ჯგუფებს ხელმძღვანელობენ.
საგამოძიებო ფილმების პროექტის ავტორები სამომავლოდ, საგამოძიებო ფილმში განხილული თემების თოქ-შოუს ფორმატში გადაყვანასაც გეგმავენ. ტოკლიკიშვილის განცხადებით, მოწინააღმდეგე მხარეებს ერთმანეთთან საუბარი ეთერში პირისპირაც მოუწევთ. მანამდე კი „გამომძიებელი რეპორტიორის“ მიერ მომზადებული ფილმები „მეორე არხზე“ ორშაბათობით, ყოველ ორ კვირაში ერთხელ გავა. პროექტზე ავტორების - ლია ტოკლიკიშვილისა და მაია გოგოლაძის გარდა, ჟურნალისსტები - სალომე სორდია და ნათია ბერსენაძე, რეჟისორი ლადო ჩადუნელი და სამი ოპერატორი მუშაობს.
პროექტის ავტორები განმარტავენ, რომ საგამოძიებო ჟურნალისტიკაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ და ,ამჯერად, შეიძლება ითქვას, ტრადიციას აგრძელებენ.
„საგამოძიებო ჟურნალისტიკაში ვმუშაობ 90-იანი წლებიდან, ჩვენი გაზეთი „ახალი 7 დღე“ ყოველთვის გამოძიებების ავანგარდში იყო. ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ საინვესტიგაციო ჟურნალისტიკა ნამდვილად არის „მეოთხე ხელისუფლება“ და მას ბევრ ქვეყანაში შეუცვლია პოლიტიკური წესრიგი და ვითარება“,- აცხადებს ლია ტოკლიკიშვილი.