კახეთის სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასა და განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს დედოფლისწყაროში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის დირექტორმა, ლევან დვალმა და კახეთის გუბენრატორმა, ირაკლი შიოლაშვილმა.
წლევანდელმა გვალვამ პრობლემები შეუქმნა კახელ ფერმერებს, დაზიანდა მოსავლის გარკვეული ნაწილი. მიუხედავად მხარეში საირიგაციო სისტემებზე უკვე ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოებისა, ბუნებრივმა მოვლენებმა გვაჩვენა, რომ კახეთში გაცილებით მასშტაბური ღონისძიებებია გასატარებელი, რათა მინიმუმამდე შემცირდეს სტიქიით გამოწვეული უარყოფითი შედეგები.
შეხვედრაზე იმსჯელეს მხარეში სარწყავ და სადრენაჟე სისტემებზე არსებულ პრობლემებზე, მის მოწესრიგებაზე და დაგეგმილ პროექტებზე, რომელსაც კომპანია ამ მიმართულებით განახორციელებს. როგორც კომპანიის დირექტორმა, ლევან დვალმა, აღნიშნა სამელიორაციო სისტემებზე არსებული პრობლემების მოსაგვარებლად კომპანია კახეთში მასშტაბური პროექტების განხორციელებას გეგმავს, რითაც მოგვარდება და გაუმჯობესდება ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურების წყალუზრუნველყოფა, შესაბამისად, გაიზრდება საშუალო საჰექტარო მოსავლიანობა.
შეხვედრას ესწრებოდნენ სამელიორაციო სისტემების კომპანიის წარმომადგენლები, კახეთის საკრებულოების თავმჯდომარეები და რაიონების გამგებლები.