სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა თავის პირველ მოადგილედ იურისტი კახა კახიშვილი წარადგინა.
როგორც გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა, კახა კახიშვილი არის ღირსეული და კეთილსინდისიერი პროფესიონალი. მას აქვს გამოცდილება და მკაფიო ხედვა, თუ როგორი უნდა იყოს სასჯელაღსრულების თანამედროვე სისტემა.
„დღეს საზოგადოებას გავაცანით სამინისტროს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ფუნდამენტური რეფორმის პროექტი, რომელის განხორციელების პროცესში ჩაერთვება მინისტრის პირველი მოადგილე. კახა კახიშვილი ჩემს გუნდთან ერთად წარმატებით გაუმკლავდება იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს პენიტენციური სისტემის წინაშე დგას“, _ განაცხადა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილის კახა კახიშვილის განცხადებით, მის მიერ აღნიშნული თანამდებობის დაკავება უკავშირდება იმ ძირეულ რეფორმას, რომელიც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა დაიწყო.
„სასჯელაღსრულების სისტემა ასეთ რეფორმას დიდი ხანია საჭიროებს. მოგეხსენებათ, საზოგადოებრივი საქმიანობის პერიოდში არაერთხელ გამიკრიტიკებია სასჯელაღსრულების სისტემის არსებული მოდელი და მისი მართვის მექანიზმი. ვფიქრობ, დაგეგმილი რეფორმის მიზნები, რომელთა განხორციელებაზეც მე მინისტრთან და გუნდთან ერთად ვიზრუნებ, ზუსტად შეესაბამება ჩემს წარმოდგენებს გამართულ, ძლიერ და უსაფრთხო პენიტენციურ სისტემაზე. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამინისტროსთან ინტეგრირება და მინისტრისთვის სრულად დაქვემდებარება, პენიტენციური სამსახურის ჩამოყალიბება, სისტემის პერსონალის სრულად გადამზადება - ამ ფუნდამენტური და მრავლისმომცველი რეფორმის წარმატების გარანტად მისივე ინიციატორი, გიორგი მღებრიშვილი მესახება“, _ განაცხადა კახა კახიშვილმა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველ მოადგილედ დანიშვნამდე კახა კახიშვილი არასამთავრობო სექტორში საქმიანობდა. ის საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის დირექტორი იყო.