სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას სამეურნეო ბაზაზე საგარეო საქმეთა მინისტრს მაია ფანჯიკიძეს და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს უმასპინძლა. ოთარ დანელიამ დიპლომატებთან ერთად რთველში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებას სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
,,ჯიღაურას ეროვნულ ცენტრში ვაზისა და ხეხილის უნიკალური ჯიშებია გაშენებული. სწორედ აღნიშნული მეურნეობა იქნება სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ძირითადი ბაზა. დღევანდელი ღონისძიების ძირითად მიზანს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის ქართული კულტურის, ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების კიდევ უფრო ახლოს გაცნობა წარმოადგენს. მსგავსი ფორმატის ღონსიძიებები, ხელს უწყობს ურთიერთობების გაღრმავებას, ქართული კულტურისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის შესახებ ცნობადობის ამაღლებას და პოპულარიზაციას“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.
ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების კვლევისა და სარგავი მასალების წარმოების ბაზაზე გაშენებულია საღვინე და სასუფრე 840-ზე მეტი ჯიშის ვაზი (440 ქართული და 400-ზე მეტი უცხოური). სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ, უცხოელ სტუმრებს ჯიღაურას ბაზაზე არსებული ვაზის უნიკალური ჯიშების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
,,მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფებით სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მართლაც რომ საერთაშორისო სტანდარტების ბაზაზე - ჯიღაურას ეროვნულ ცენტრში, სადაც მრავალი სახეობის უნიკალური ჯიშის ყურძენია გაშენებული. დღეს, სოფლის მეურნეობის მინისტრის ინიციატივით, მოვიწვიეთ დიპლომატიურ კორპუსი, რათა მონაწილეობა მიიღონ რთველში. დიპლომატები ამას ყოველთვის ხალისით აკეთებენ“, -განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
ქართული ტრადიციების მიხედვით, რთველში მონაწილეობის შემდეგ, დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები საწნახელში ყურძნის დაწურვის პროცესში ჩაერთვნენ. გაიმართა რთველის პროცესის თანმხლები ქართული ტრადიციული ღონისძიებებიც: თათარის მოდუღება, ჩურჩხელების ამოვლება და ქართული ტრადიციული კერძების მომზადება. რთველის პროცესს, განსაკუთრებულ საზეიმო განწყობას ქართული ფოლკლორული სიმღერა ანიჭებდა.