საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის საზეიმო გახსნას დაესწრო. ფესტივალი, რომელიც, ტრადიციულად, სხვადასხვა თაობის მსოფლიო დონის მუსიკოსებს აერთიანებს, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრში გაიხსნა. მოგვიანებით, ფესტივალის საზეიმო გახსნასთან დაკავშირებით "შატო მერე"-ში მიღება გაიმართა, რომელზეც გიორგი მარგველაშვილი ოჯახთან ერთად იმყოფებოდა. ღონისძიების მსვლელობისას საქართველოს პრეზიდენტს სიმბოლური საჩუქარი - სპეციალურად ჩამოსხმული ღვინო გადასცეს.
ქვეყნის პირველი პირი კლასიკური მუსიკის საღამოს პირველ ლედისთან მაკა ჩიჩუასთან და ქალიშვილთან ანა მარგველაშვილთან ერთად ესწრებოდა.
თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრში ფესტივალის ფარგლებში კლასიკური მუსიკის ხუთი კონცერტი გაიმართება სამი საერთაშორისო საფესტივალო ორკესტრის თანხლებით, რომლის შემადგენლობაში მაღალპროფესიონალი ქართველი და უცხოელი მუსიკოსები არიან. მრავალფეროვან პროგრამაში მსოფლიო კლასიკური მუსიკის შედევრები, ქართული საგუნდო მუსიკა და კამერული მუსიკის ის იშვიათი ნაწარმოებებია შესული, რომლებიც საქართველოში პირველად შესრულდება. ფესტივალის კონცერტების პარალელურად, თელავის სამუსიკო კოლეჯში გაიმართება მასტერკლასები სხვადასხვა სპეციალობაში.
ფესტივალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ გახსნა. ღონისძიებას უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.