პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლობის ფარგლებში, თბილისის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფი პირობით მსჯავრდებულები ვეტერან ფეხბურთელს არჩილ არველაძეს შეხვდნენ.
ღონისძიებას დაესწრო პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი არსოშვილი, რომელმაც, პრობაციონერების მიმართ გამოხატული თანადგომისთვის, არჩილ არველაძეს მადლობა გადაუხადა.
ცნობილი ქართველი ფეხბურთელი პრობაციონერებს ესაუბრა მისი სპორტული კარიერის საინტერესო ეპიზოდებზე, გაიხსენა ეროვნულ ნაკრებში და კლუბებში ჩატარებული მატჩები. არჩილ არველაძემ შეაფასა ქართული ფეხბურთის დღევანდელი მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივა. ფეხბურთელმა, ასევე, მოუწოდა არასრულწლოვან პირობით მსჯავრდებულებს, აქტიურად ჩაერთონ სპორტულ აქტივობებში, რაც ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.
პრობაციონერთა რეზოციალიზაციის მიზნით, პრობაციის ეროვნული სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, უკვე გაიმართა შეხვედრები ლიტერატურის, მეცნიერებისა და სპორტის სფეროში მოღვაწე გამოჩენილ ადამიანებთან.