სურსათის ეროვნული სააგენტოს საგანგებო განცხადება

სურსათის ეროვნული სააგენტოს საგანგებო განცხადება

სურსათის ეროვნული სააგენტო მიმართავს მოსახლეობას, მათ ვინც ამ დღეებში შეიძინა შპს „მადას" წარმოებული პელმენი, ხინკალი, ქაბაბი და სხვ. ხორცპროდუქტები არ მიიღოს საკვებად.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შპს "მადას" წარმოების ხორცის პელმენში პათოგენური მიკროორგანიზმი "ლისტერია მონოციტოგენეზი" აღმოაჩინა, რის გამოც დაიწყო აღნიშნული წარმოების პროდუქციის ქსელიდან ამოღება და განადგურება, პარალელურად კი ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერდა და დაჯარიმდა.

"ლისტერია მონოციტოგენეზი" პათოგენური მიკროორგანიზმია, რომელიც ძალიან საშიშია ადამიანის, განსაკუთრებით ბავშვებისა და ორსული ქალების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. სურსათის ეროვნული სააგენტო კანონმდებლობის შესაბამისად  აფრთხილებს მოსახლეობას, თუკი ვინმეს ნაყიდი აქვს შპს "მადას" წარმოების ხორცის ნახევარფაბრიკატები (პელმენი, ხინკალი, ქაბაბი), არ გამოიყენოს საკვებად და შეატყობინოს სააგენტოს აღნიშნულის შესახებ.

პათოლოგიური მიკროორგანიზმი "მადას" პელმენში სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის - სურსათის ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის ფარგლებში გამოვლინდა. საწარმოში, რომელიც მუხიანში მდებარეობს, ჩატრადა არაგეგმური ინსპექტირება, რომლის შედეგადაც, გარდა პათოგენური მიკროორგანიზმით მზა სურსათის დაბინძურებისა,  გამოვლინდა კიდევ 2  კრიტიკული შეუსაბამობა: ბიზნეოპერატორს არ აქვს დაცული ხორცპროდუქტების სათანადო ტემპერატურით დამუშავების პირობები, საწარმოში არ არის ცხელი წყალი; ასევე, არ ხდება სურსათთან უშუალოდ შეხებაში მყოფი საგნებისა და აღჭურვილობების რეცხვა-დეზინფიცირება ცხელი წყლით.

კანონმდებლობის შესაბამისად, ამ დარღვევების გამო ბიზნეოპერატორს შეუჩერდა საწარმოო პროცესი და დავალა მავნე სურსათის ქსელიდან გამოთხოვა.

სურსათის ეროვნული სააგენტო საჭიროების მიხედვით დამატებით მიაწვდის მოსახლეობას ინფორმაციას რისკის შემცველი პროდუქტის შესახებ, აგრეთვე იმ ზომების თაობაზე, რომლებიც მიიღება რისკის აღმოსაფხვრელად.