საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ეგიდით ეფექტიანი მმართველობის (Good Governance) პროექტი ხორციელდება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაგეგმილია დონორებთან ურთიერთობის სტრატეგიის განმსაზღვრელი დოკუმენტის შემუშავება. ამ მიზნით, საქართველოს სამუშაო ვიზიტით ექსპერტი, ედ მელკერტი ეწვია.
სოფლის მეურნეობის მინისტრთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს მთავრობისთვის მნიშვნელოვანია საგარეო დახმარებების სტრატეგიული კოორდინაციის საკითხებში საერთაშორისო მხარდაჭერა.
„სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების მიზნით, მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებში აქტიურად არიან ჩართული საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციები. იმ გამოწვევების ფონზე, რომლის წინაშეც ქვეყანა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ დადგა, უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და დონორების მხარდაჭერა“, - განაცხადა ოთარ დანელიამ ედ მელკერტთან შეხვედრაზე.
ედ მელკერტი საქართველოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის საექპორტო პოტენციალით, დარგობრივი განვითარების სტრატეგიით და სახელმწიფოს მხრიდან დარგის პოპულარიზაციის მიზნით შემუშავებული ხელმშემწყობი ღონისძიებებით დაინტერესდა.