უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის სამინისტროს ინიციატივით, ქ. კიევში აგრო საინვესტიციო ფორუმი - Agri Invest Forum გაიმართა.
უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის მინისტრის, იგორ შვაიკას პირადი მიწვევით, აღნიშნულ ფორუმში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციამ, მინისტრის მოადგილის, ნოდარ კერესელიძის ხელმძღვანელობით მიიღო მონაწილეობა. Agri Invest Forum-ს წამყვანი უკრაინული და საერთაშორისო კომპანიების 250-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.
ფორუმის ძირითად თემას უკრაინაში აგრარული ბიზნესის განვითარების გამოწვევები და სტრატეგია წარმოადგენდა.
Agri Invest Forum-ის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე განიხილეს ის გამოწვევები, რომლის წინაშეც უკრაინა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ დადგა.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ სიტყვით მიმართა ფორუმის მონაწილეებს. მან ისაუბრა იმ რეალობაზე, რომელიც ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) გაფორმების შემდეგ საქართველოშია. ნოდარ კერესელიძემ უკრაინელ კოლეგებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული 3 წლიანი სამოქმედო გეგმის შესახებ, რომელიც DCFTA-ით აღებული ვალდებულებების შესრულებას ითვალისწინებს. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ფორუმში მონაწილე ბიზნესმენებს საქართველოში არსებული საინვესტიციო კლიმატი გააცნო და სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტიციების განხორციელების კუთხით არსებული პოტენციალის შესახებ ისაუბრა.