„მოქალაქე“ „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტს“ პასუხობს და ორგანიზაციის ხელმძღვანელის ია ანთაძის განცხადებას უპასუხისმგებლოს უწოდებს. საუბარია „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის“ ხელმძღვანელის მიერ ბიძინა ივანიშვილის მიერ წარმოდგენილი მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის განკუთვნილი პროექტების კრიტიკაზე, რომელსაც ანთაძე შემდეგი სიტყვებით გამოეხმაურა:
,,ღმერთმა ,,ნაეკს“ (NAEC) ბევრი მისცეს, მაგრამ სამოქალაქო ჩართულობის პროექტს ცენტრალიზებული სახელმწიფო სტრუქტურა როგორ განახორციელებს? და რომ განახორციელებს, შედეგი რა იქნება? სამოქალაქო საზოგადოება ამ გზით როგორ გაძლიერდება? მერე სწყინს ძვირფას ბატონ ბიძინას, რომ ვამბობ დემოკრატიის შესახებ ცოდნის სტრუქტურა არ გააჩნია-მეთქი".
„ორგანიზაცია „მოქალაქე“ საჭიროდ თვლის, პასუხი გასცეს ამ უპასუხისმგებლო განცხადებას. როგორც ჩანს, ქალბატონ ანთაძეს ბოლომდე არ ესმის ჩვენი ორგანიზაციის მიერ წამოწყებული პროექტების არსი. ამიტომაც, თავს ვალდებულად ვთვლით, განვმარტოთ:
„სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა“ და სტუდენტური კონკურსი - „სტუდენტები თვითმმართველობისთვის“ ორგანიზაცია „მოქალაქის“ პროექტებია. მათ აფინანსებს და მენეჯმენტს უწევს უშუალოდ ეს ორგანიზაცია. ამავე დროს, ბუნებრივია, რომ მსგავსი მასშტაბის პროექტების განხორციელებისათვის საჭიროა ამ სფეროში გამოცდილი სტრუქტურების ჩაბმა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი არის ერთადერთი სტრუქტურა საქართველოში, რომელსაც აქვს ანალოგიური პროექტების განხორციელების გამოცდილება. არსებული კანონმდებლობით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს უფლება აქვს მიიღოს და შეასრულოს კერძო დაკვეთა. ამიტომ სრულიად ლოგიკურია, რომ ჩვენი პროექტების წარმატებით განსახორციელებლად მივმართეთ ცენტრს.
კიდევ ერთხელ გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ ამ შემთხვევაში სამოქალაქო და სახელმწიფო სექტორის თანამშრომლობის იურიდიული ასპექტი სავსებით კანონიერი და გამჭვირვალეა. პროექტების განხორციელებისათვის არამცთუ არ იხარჯება სახელმწიფო სახსრების არც ერთი თეთრი, არამედ პირიქით, სახელმწიფო ამ პროექტით სერიოზულ შემოსავალსაც კი მიიღებს.
რაც შეეხება სამოქალაქო ჩართულობის ხელშემწყობ პროექტში სახელმწიფო სტრუქტურის მონაწილეობის მორალურ ასპექტს, მტკიცედ გვწამს, რომ სამოქალაქო ჩართულობა ვერ განხორციელდება სრულფასოვნად, თუ ამ პროცესს ხელს არ შეუწყობენ სახელმწიფო სტრუქტურები“,- ნათქვამია ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის განცხადებაში.