სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის ოთარ დანელიას ხელმძღვანელობით სამუშაო ვიზიტით იტალიაში იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში, ოთარ დანელია სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ხელმძღვანელობას შეხვდა. მინისტრმა შეხვედრები გამართა IFAD-ის ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკის და ევროპის განყოფილების დირექტორთან ხალიდა ბუზართნ და IFAD-ის პრეზიდენტთან კანაიო ნიუანზესთან.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში IFAD-ის მიერ დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის საკითხები და დაგეგმილი სამომავლო პროექტები, მათ შორის „სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამა“, რომლის საერთო ბიუჯეტი ჯამში 19 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.
აღნიშნული პროექტის მიზანია, კლიმატზე ადაპტირებული სოფლის მეურნეობის სრული ჯაჭვის - დაწყებული პირველადი წარმოებიდან, დამთავრებული დახლამდე მისული პროდუქციით, განვითარება საქართველოში. წარმოება ადაპტირებული იქნება კლიმატის ცვლილებებზე, სადაც ჩართული იქნება თანამედროვე ტექნოლოგიები და ასე შემდეგ.
შეხვედრაზე IFAD-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აღნიშნული პროგრამისთვის 5 მილიონის ოდენობის გრანტი უკვე დამტკიცდა.
მხარეებმა განიხილეს IFAD-ის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის საკითხი და აღინიშნა, რომ იგი საქართველოს სავარაუდოდ 2015 წლის გაზაფხულზე ეწვევა. IFAD-ის პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა ის ტენდენციები, რაც შეინიშნება საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგში. მან აღნიშნა, რომ ეს საქართველოს მთავრობის დამსახურებაა, რომელმაც სოფლის მეურნეობა პრიორიტეტად გამოაცხადა და 2012 წლიდან მოყოლებული დიდ ყურადღებას უთმობს დარგის განვითარებას.
IFAD-ის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას მინისტრთან ერთად, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნოდარ კერესელიძე ესწრებოდა.