6 ოქტომბერს, იტალიაში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) სათაო ოფისში გაიმართა ყოველწლიური მინისტერიალი, რომელსაც აღნიშნული ორგანიზაციის წევრი ქვეყნების სოფლის მეურნეობის მინისტრები ესწრებოდნენ. FAO-ს გენერალური მდივნის, ჟოზე გრაციანო დე სილვას პირადი მიწვევით, მინისტერიალს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია დაესწრო.
მინისტერიალის ფარგლებში, ოთარ დანელიამ კოლეგებს სიტყვით მიმართა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში მიმდინარე რეფორმები გააცნო. თავის გამოსვლაში, მინისტრმა განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც საქართველო ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ დგას. მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ ახალ პერსპექტივებსაც, რომლებიც DCFTA ამოქმედებით დარგის განვითარების მიმართულებით გაჩნდა.
მიმდინარე წელს, FAO-ს მინისტერიალის ძირითად განსახილველ თემას - მსოფლიო ბაზრებზე აგროსასურსათო პროდუქტებზე ფასების მერყეობა და ამ მიმართულებით, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა წარმოადგენდა. მინისტრებმა განიხილეს არსებული კონტროლის მექანიზმები და მათი გაუმჯობესების შესაძლო გზები.
მინისტერიალის მუშაობაში სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციასთან ერთად, იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, კარლო სიხარულიძე მონაწილეობდა.