სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა. დოკუმენტს ხელი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ ბესიკ დევდარიანმა, თსუ-ს რექტორის მოადგილემ სოსო სალუქვაძემ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ზედანიამ მოაწერეს. მემორანდუმი მიზნად ისახავს სოციალურ მუშაკთა პროფესიის განვითარებასა და კვალიფიციური კადრების მომზადების ხელშეწყობას.
ანალოგიური დოკუმენტი გაფორმდა ასევე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასა და იმავე უმაღლეს სასწავლებლებს შორის საუნივერსიტეტო არჩევითი კურსის შესახებ „სოციალური მუშაობა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში“. კურსი მომზადებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.
მემორანდუმის ფარგლებში იგეგმება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში მომუშავე სოციალური მუშაკების მომზადება უნივერსიტეტების ბაზებზე. გარდა ამისა, უნივერსიტეტები მოამზადებენ სოციალური მუშაკების კვალიფიციურ კადრებს სასჯელაღსრულების სფეროში დასასაქმებლად.
ხელმოწერილი მემორანდუმების თანახმად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო შექმნის პირობებს სოციალური მუშაობის მიმართულების ბაკალავრიატებისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის, პრაქტიკის გასავლელად, სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურაში. თავის მხრივ, უნივერსიტეტები შეძლებენ ახალი არჩევითი კურსის საშუალებით სოციალური მუშაობის სამაგისტრო სწავლების სტუდენტებს შესთავაზონ საბაზისო ცოდნა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში სოციალური მუშაობის საუკეთესო გამოცდილების შესახებ.
ამ საკითხებთან დაკავშირებით ეროვნულმა ბიბლიოთეკამ უმასპინძლა საჯარო დისკუსიას თემაზე „სოციალური მუშაობა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში“. დისკუსიაში მონაწილეობდნენ ექსპერტები, რომლებსაც სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება აქვთ. საკუთარი ხედვები და წინადადებები პრეზენტაციის სახით წარადგინეს საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა და სტუდენტებმა. აღინიშნა სოციალური მუშაობის როლის გაძლიერებისა და მომავალი განვითარების აუცილებლობის შესახებ.