დღეს, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გივი თარგამაძემ საყდრისთან დაკავშირებით პრესკონფერენცია მოაწყო, სადაც განაცხადა:
"მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა დისკუსია ისტორიული ძეგლის, საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი მაღაროსა და შპს "RMG Gold"-ის მიერ მიმდინარე სამუშაოების გარშემო. თუმცა არის მნიშვნელოვანი ასპექტები, რომლებზეც ყურადღება ჯერ არ გამახვილებულა. კერძოდ, თუ რა კანონდარღვევებს ქონდა ადგილი ამ პროცესში და როგორ მოექცა კომპანია "RMG Gold" და მისი საქმიანობა ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული კლანის ინტერესთა სფეროში."
თარგამაძისვე თქმით, "საყდრისთან დაკავშირებით ადგილი ქონდა ბიძინა ივანიშვილისა და მისი მარიონეტების, ირაკლი ღარიბაშვილისა და უჩა მამაცაშვილის ინტერესებიდან გამომდინარე, RMG Gold-ის მიერ, სახელმწიფო სტრუქტურების ხელშეწყობით, კომისიის წევრების მოსყიდვას, რათა უძველეს საბადოსთვის მოეხსნათ ეროვნული მნიშვნელობის უძრავი ძეგლის სტატუსი."
გივი თარგამაძის ამ განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს მედიაკავშირ "ობიექტივის" ხელმძღვანელი და "პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი:
"სტუდია ობიექტივი" და ჩვენი ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც წინ წამოწია საყდრისის თემა და საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია იქ მიმდინარე მოვლენების შესახებ.
მე საერთოდ არ მაინტერესებს რაზე საუბრობენ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები, რადგან მათ ხმა არ აქვთ ამოსაღები. სწორედ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა მოსპეს და დაანგრიეს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა. გავიხსენოთ რა ხდებოდა მუზეუმებში მათი მმართველობის პერიოდში, როგორ გაჰქონდათ ექსპონატები, ანგრევდნენ ძეგლებს და საერთოდ რა იერსახე მისცეს საქართველოს არაერთ უნიკალურ ძეგლს. მათ სრულიად მოსპეს არაერთი კულტურული ძეგლი და გაანადგურეს. ჯერ კიდევ გვახსოვს როგორ და სად გაჰქონდათ უნიკალური ექსპონატები საქართველოდან და როგორ იყო ამაში ჩართული მიხეილ სააკაშვილი და მთელი მაშინდელი "ნაცმოძრაობის ელიტა". ჯერ ამაზე გაგვცენ პასუხი და შემდეგ ილაპარაკონ სხვა საკითხებზე.
რაც შეეხება კომპანია RMG GOLD-ს, ძალიან ბევრი ინფორმაცია დაიბეჭდა ამ კომპანიასთან დაკავშირებით პრესაში და ჩვენი გუნდიც დეტალურად იკვლევდა ამ კომპანიის საქმიანობას. ეს არის ოფშორში რეგისტრირებული კომპანია და ბიძინა ივანიშვილის კვალი და კავშირი ამ კომპანიასთან არანაირად არ ჩანს. რეალურად ჩანს, რომ არის კერძო კომპანია, დარეგისტრირებულია სადღაც ოფშორულ ზონაში და ეს კომპანია ახორციელებს მის კომერციულ მიზნებს. ჩვენ ვახორციელებთ ჩვენს მიზნებს და ვიცავთ კულტურულ მემკვიდრეობას"