სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოში გაიმართა შეხვედრა ლიტვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ექსპერტთა ჯგუფთან. პროექტი, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ლიტვის დელეგაცია ეწვია, ითვალისწინებს ქართული მხარის დახმარებას და გამოცდილების გაზიარებას სოფლის მეურნეობის სექტორში, კერძოდ, ვეტერინარიაში, ექსტენციის სფეროში, მიწის რეგულაციის საკითხებში და სხვა.
შეხვედრას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები დავით გალეგაშვილი, გოჩა ცოფურაშვილი და ნოდარ კერესელიძე. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა სტუმრებს სააგენტოს სტრატეგია და ის პრიორიტეტები გააცნო, რომლებიც სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში უახლოეს მომავალში უნდა განხორციელდეს.
ლიტველი ექსპერტები საქართველოს ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობითაც დაინტერესდნენ, რაზეც სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ქვეყნის მთავარმა ვეტერინარმა მიხეილ სოხაძემ დეტალურად ისაუბრა და სტუმრებს ცხოველთა განსაკუთრებით საშიში დაავადებების საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებები და სახელმწიფო კონტროლის მექანიზმები გააცნო.
ლიტველი ექსპერტები საქართველოში 3 დღეს დარჩებიან და ქართველ კოლეგებს ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით დაგროვილ გამოცდილებასაც გაუზიარებენ.