ნიდერლანდების სამეფოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი უშიშროებისა და იუსტიციის სახელმწიფო მდივანს, მინისტრ ფრედ ტეევენს შეხვდა. მინისტრმა კოლეგასთან საქართველოს პენიტენციურ სისტემაში არსებულ გამოწვევებზე, მიმდინარე რეფორმებსა და გეგმებზე ისაუბრა. მხარეები თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, რომლის ფარგლებშიც ჰოლანდიის მთავრობა საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემას ტექნიკურ დახმარებას გაუწევს და დაწესებულებების მართვის თანამედროვე გამოცდილებასაც გაუზიარებს.
ვიზიტის დასრულების შემდეგ საქართველო ჰოლანდიისგან სასჯელაღსრულების სისტემისთვის საჭირო სპეციალურ სატრანსპორტო საშუალებებს, პატიმართა მხრიდან აგრესიული ქცევის კონტროლისთვის აუცილებელ აღჭურვილობას, ჩხრეკისთვის საჭირო თანამედროვე მოწყობილობებს, ასევე ინვენტარს, უნიფორმებს და საავადმყოფოსთვის საჭირო დამატებით აპარატურას მიიღებს.
მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ასევე შეხვდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ნიდერლანდების მოქმედ ომბუდსმენსა და სასჯელაღსრულების სისტემის მონიტორინგის ორგანოს წარმომადგენლებს.
გიორგი მღებრიშვილი დელეგაციის წევრებთან ერთად ჰოლანდიის სასჯელაღსრულების სისტემის მკაცრი რეჟიმის, საშუალო რისკისა და ღია ტიპის დაწესებულებების მუშაობას და მართვის პრინციპებსაც გაეცნო.
ვიზიტი ჰოლანდიის მთავრობის მხარდაჭერითა და ფონდი “გლობალური ინიციატივა - ფსიქიატრიაში” ორგანიზებით შედგა.
სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო მადლიერებას გამოთქვამს და განსაკუთრებით აღნიშნავს ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს მიერ გაწეულ სამუშაოს ვიზიტის დაგეგმვასა და განხორციელებაში.