სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტი მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამედიცინო მომსახურების სტანდატების საპილოტე დოკუმენტზე მუშაობს. სამუშაო შეხვედრას, რომელიც 27-29 სექტემბერს, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის „ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ ფარგლებში გაიმართა, ევროსაბჭოს ექსპერტები, სამედიცინო დეპარტამენტის წარმომადგენლები და ჯანდაცვის სპეციალისტები ესწრებოდნენ. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს შემუშავებული დოკუმენტი და ექსპერტების რამდენიმე მნიშვნელოვან რეკომენდაციაზე იმსჯელეს.
ევროპის საბჭოს ექპერტის, იორგ პონტის განცხადებით, პენიტენციური ჯანდაცვის რეფორმა, რომელიც 2 წლის წინ დაიწყო, თავიდან ძალზე ამბიციური ჩანდა, თუმცა დღესდღეობით რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს.
„პენიტენციური ჯანდაცვის სამედიცინო მომსახურების სტანდარტი პილოტურია და ის ახალია არა მარტო საქართველოსთვის, არამედ საერთაშორისო დონეზეც. ეს არის გამოცდილება, რომელიც ბევრ ქვეყანაში არ არსებობს. ევროპის საბჭო ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სამედიცინო მომსახურებისა და ზრუნვის პრინციპებს, ასევე სამედიცინო მომსახურების ეკვივალენტობას, რაც გულისხმობს სამოქალაქო სექტორსა და პენიტენციურ სისტემაში სამედიცინო მომსახურებს თანაბარ დონეს. ჩვენ რეკომენდაციები ამ მიმართულებითაც გავეცით,“ - განაცხადა იორგ პონტმა.
ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ერთობლივმა პროექტმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დახმარება გაუწია იმ დოკუმენტის შემუშავებაში, რომელმაც უნდა ჩამოაყალიბოს პატიმართათვის გასაწევი სამედიცინო მომსახურების ძირითადი მოცულობა, დაადგინოს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო და პენიტენციური ჯანდაცვის პროგრამების გადაკვეთის წერტილები და უზრუნველყოს მათი ეკვივალენტურობა.
დოკუმენტის დამტკიცების შემდეგ, ევროპის საბჭო მის 1500 ეგზემპლარად გამოცემას უზრუნველყოფს.