სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გარდაბანში, თბილსრესის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე შპს "ANKARA KATERING"-ის სასადილოს საწარმოო პროცესი შეუჩერა. არაგეგმური ინსპექტირება აღნიშნულ საწარმოში მას შემდეგ ჩატარდა, რაც სააგენტომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრიდან სწრაფი სატელეფონო შეტყობინება მიიღო სასადილოში 66 ადამიანის საკვებისმიერი ინტოქსიკაციის შესახებ.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თურქული კომპანია გარდაბნის ტერიტორიაზე თბოელექტროსადგურს ("ჩალიკ ენერჯი") აშენებს. ამ კომპანიის სასადილოში, სადაც 500 მუშა იკვებება, გამოვლინდა 66 ადამიანის საკვებისმიერი ინტოქსიკაცია. მათგან ორს სალმონელოზის დიაგნოზი ლაბორატორიულად დაუდასტურდა. დანარჩენების კვლევის შედეგები კი ამ ეტაპისთვის ცნობილი არ არის.
სააგენტოს ინსპექტორებმა არაგეგმური ინსპექტირების დროს აღმოაჩინეს რიგი შეუსაბამობები - კოროზირებული ხორცსაკეპი მანქანა; მარგარინის, კარაქისა და რძის შენახვის ტემპერატურული რეჟიმის დარღვევა; დაბინძურებული და კონდენსატით დაფარული სავენტილაციო სისტემა, რიც გამოც კომპანიას საწარმოო პროცესი შეუჩერდა და 1000 ლარით დაჯარიმდა.
საწარმოო პროცესი შეუჩერდა და 1000 ლარით დაჯარიმდა ასევე ხაშურის რაიონის სოფელ ჩუმათელეთში, ი.მ "მერაბ შუბითიძის" მზა კერძების წარმოება-რეალიზაციის ობიექტი, რომელშიც სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამსახურის ინსპექტორებმა კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს