საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას ხელისუფლების მიღწევებზე ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ამ ორწლიან პერიოდში საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო, საპრეზიდენტო და ადგილობრივი არჩევნები მართლაც ღირსშესანიშნავი მოვლენებია.
„სწორედ იმიტომ, რომ საქართველოს დემოკრატია ასე ძნელად არის მოპოვებული, უკან დაბრუნება გამორიცხულია.ქართველი ხალხი მოსთხოვს ხელისუფლებას ანგარიშს და თავის პოზიციას დააფიქსირებს საარჩევნო ყუთებთან. ჩემმა მთავრობამ უნდა დაიმსახუროს თითოეული ხმა, რისთვისაც ერთგულად უნდა ემსახუროს ხალხს და უზრუნველყოს ქვეყნის წინსვლა.
ჩვენ ვაძლიერებთ დემოკრატიულ ინსტიტუტებს და ვნერგავთ კონტროლისა და ბალანსის უფრო ძლიერ მექანიზმებს. ჩვენი ახალი კონსტიტუციით უზრუნველყოფილია აღმასრულებელი ხელისუფლების დეცენტრალიზაცია და მმართველობის ყველა დონეზე გაზრდილი ანგარიშვალდებულება.
დღეს ჩვენი პარლამენტი მართლაც კანონმდებლის ფუნქციას ასრულებს. ხდება კანონპროექტების წარდგენა, განხილვა და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შეტანა. კომიტეტებში კი იმართება მოსმენები და მინისტრთა მწვავე კრიტიკა. ისტორიას ჩაბარდა ის დრო, როდესაც პარლამენტი ნოტარიუსის როლს ასრულებდა“,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კანონის უზენაესობასა და დამოუკიდებელი სასამართლოს მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.
„ჩვენ აღვადგინეთ კანონის უზენაესობა, რისთვისაც შევქმენით დამოუკიდებელი სასამართლო და დავაკანონეთ ბრალდებულთა უფრო ფართო უფლებები. ჩვენ წერტილი დავუსვით ხელისუფლების წარმომადგენელთა დაუსჯელობას და წამებასა და შეურაცხმყოფელ მოპყრობას ციხეებში.დღეს საქართველოს ყველა მოქალაქე თანასწორია კანონის წინაშე, არავინ დგას კანონზე მაღალა, ყველაისარგებლებს უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პროცესუალური სამართლით“,- განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა მედიაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ყოველთვის იბრძოლებს, მედიასაშუალებებს ჰქონდეთ თავისუფალი სიტყვის უფლება
„ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი ხელი შევუწყოთმართლაც ძლიერ, დამოუკიდებელ და ხარისხიან მედიას. სამოქალაქო საზოგადოების მსგავსად, მედიაც არსებითია ძლიერი დემოკრატიისთვის.შეიძლება მე ყოველთვის არ ვეთანხმებოდე იმას, რასაც მედიასაშუალებები ამბობენ და წერენ, მაგრამ მე ყოველთვის ვიბრძოლებ, რომ მათ ჰქონდეთ თავისუფალი სიტყვის უფლება“,- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.