საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის ოთარ დანელიას ხელმძღვანელობით სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში, ოთარ დანელიამ შეხვედრა გამართა ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის ცხოველთა და მცენარეთა ჯანმრთელობის ინსპექციის სამსახურის უფროსთან, კევინ შისთან. შეხვედრაზე მხარეებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის გაძლიერების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ქართველი სპეციალისტების სხვადასხვა მიმართულებით გადამზადების საკითხებს. აშშ-ს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ინიციატივით, ქართველი სპეციალისტები მცენარეთა დაცვის, ეპიდემიოლოგიის, რისკის შეფასების კუთხით და ვეტ ლაბორატორიების განვითარების მიმართულებით აშშ-ში შეძლებენ კვალიფიკაციის ამაღლებას. გარდა თეორიული სწავლებისა, ქართველ სპეციალისტებს საშუალება ექნებათ გაეცნონ და პრაქტიკული სამუშაოები შეასრულონ აშშ-ს წამყვან ლაბორატორიებში, რაც მათ დიდ გამოცდილებას შესძენს და პროფესიული დონის ამაღლებას შეუწყობს ხელს. მაღალკვალიფიციური კადრები კი, საქართველოში არსებული ლაბორატორიების გაძლიერება-განვითარებას და კიდევ უფრო მაღალი სტანდარტების დანერგვას განაპირობებს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციის შემადგენლობაში შედიან სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნოდარ კერესელიძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დირექტორი ლალი მაძღარაშვილი.