1993 წლის 27 სექტემბერს ხანგრძლივი საბრძოლო მოქმედებების შემდეგ სოხუმი დაეცა. საქართველოს ისტორიაში კიდევ ერთი ჩანაწერი გაკეთდა შავი ასოებით. 21 გავიდა ამ დღიდან, მაგრამ ტკივილი არ განელებულა და არ ვიცით რა დრო დასჭირდება მის დაამებას. დარჩა მშობლიურ კერას მოწყვეტილი ათასობით ლტოლვილი. დანგრეული იმედები, დანგრეული ოჯახები და უდიდესი სულის ტკივილი.
დარჩნენ წაგებული ჯარისკაცები. იმათთვის, ვისაც უომია, ეს პასუხისმგებლობის გრძნობაა ოჯახის, ახლობლების, მომავალი თაობების და სამშობლოს წინაშე. მისცე სამშობლოს ყველაფერი და მიიღო მისგან ის, რასაც სამშობლო მოგანიჭებს. სამშობლოს მეომარი სამარადჟამოდ რჩება საკუთარი ქვეყნის დამცველად, ჯარისკაცები არ იწყებენ და არ აგებენ ომებს. ისინი ბრძანებებს ასრულებენ და საკუთარ სიცოცხლეს სასწორზე დებენ სამშობლოს და თანამემამულეების კეთილდღეობისათვის. ვისაც უომია, იგი ყველაზე მძაფრად შეიგრძნობს მშვიდობის ფასს.
რამდენი დაიღუპა. რამდენი სამუდამო სახიჩრად დარჩა ბარიერის ორივე მხარეს, რამდენის საფლავიც დღემდეც არ არსებობს. მიუხედავად ამისა ისინი სუყველანი სამშობლოს მეომრები არიან. მუხლს ვიყრით დაღუპულების წინაშე, ქართველების და აფხაზების. ვისაც სწამდა, რომ სამშობლოს კეთილდღეობისათვის იბრძოდა.
ვცოცხლობთ იმედით, რომ ოდესმე ერთმანეთს პატიებას ვთხოვთ, შევრიგდებით და დადგება დრო, როცა ისევ ერთდ ვიცხოვრებთ ერთიან და ძლიერ საქართველოს სახელმწიფოში. ამით ჩვენი დაღუპულების სულებსაც უფლის მადლი მოეფინება. ჩვენი მომავალი თაობებისთვის კი იქნება მწარე გაკვეთილი სულში აღბეჭდილი: ეს აღარ უნდა განმეორდეს.
უფალმა სასუფეველში დაუმკვიდროს სამარადჟამოდ მათ ადგილი. ცოცხლები კი ყოველთვის ვილოცებთ ჩვენი სისხლისა და ტყვიის ძმების და დების სულებისათვის და მომავალ თაობებს შევუნახავთ მათი გმირობის ისტორიას.