თბილისი (GBC) - საქართველოდან ოქროს ექსპორტი 1 წელიწადში 2–ჯერ შემცირდა.
ოფიციალური სტატისტიკით, მიმდინარე წლის 8 თვეში საქართველოდან ექსპორტზე 23,6 მლნ აშშ დოლარის დაუმუშავებელი და ნახევრადდამუშავებული ოქრო გავიდა, რაც წინა წლების მაჩვენებელს მკვეთრად ჩამორჩება. 2013 წლის ამავე პერიოდში ექსპორტზე 47,7 მილიონის ოქრო იყო გატანილი, 2012 წელს -55 მილიონზე მეტი აშშ დოლარის.
აღსანიშნავია, რომ ოქრო მიმდინარე წელს უკვე აღარ შედის წამყვანი საექსპორტო პროდუქციის ათეულშიც კი.
გასულ წელს კი ოქრო, უმსხვილესი საექსპორტო პროდუქციის ათეულში მე-9 პოზიციაზე იყო. ჯამში 2013 წელს ექსპორტზე 73,29 მლნ აშშ დოლარის დაუმუშავებელი და ნახევრადდამუშავებული ოქრო გავიდა, 2012 წელს ოქროს ექსპორტის მოცულობა 88 მილიონ აშშ დოლარამდე იყო.
ოქროს საქართველოში კომპანია RMG GOLD-ი მოიპოვებს. საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოზე, უძველესი ოქროს მაღაროს არსებობასთან დაკავშირებული დავის გამო, კომპანია ოქროს მოპოვებით სამუშაოებს სრულფასოვნად ვერ აწარმოებს, ამასთან შეჩერებული აქვს საყდრისის საბადოს დამუშავება, რის გამოც ქვეყანას საექსპორტო შემოსავლები აკლდება.
დავა საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოზე შესაძლო არტეფაქტის არსებობასთან დაკავშირებით უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება და ამ შეიძლება ითქვას რომ პრობლემა „დაკონსერვებულია“. სწორედ პრობლემის „დაკონსერვება“ მიაჩნია ყველაზე დიდ პრობლემად ეკონომიკის ექსპერტს, ლევან კალანდაძეს.
ექსპერტი ყურადღებას ამახვილებს, რომ ბოლო პერიოდში, ინვესტორებისთვის პრობლემების შექმნის
თვალსაზრისით, გარკვეული ტენდენცია ჩამოყალიბდა. RMG GOLD-ის გარდა პრობლემები შეექმნა ტატა ჯგუფს, ხუდონჰესის მშენებლობის მსურველ ინვესტორებს, ჯვარი-ხორგას პროექტს და არაერთ სამშენებლო პროექტის ინვესტორს.
„გაურკვევლობები და პრობლემები, რომლებიც ინვესტორებს ქვეყანაში ექმნებათ, ბუნებრივია, აისახება როგორც წარმოებაზე, ასევე ექსპორტის მოცულობაზე. ინვესტორებისთვის, პრობლემების შექმნის თვალსაზრისით გარკვეული ტენდენციაა და ხელისუფლება, ამ ეტაპზე, ბოლომდე ვერ ახერხებს პრობლემების აღმოფხვრას. RMG GOLD-ის პრობლემა არის ყველაზე გახმაურებული და ის არის დაკონსერვებული. დაკონსერვება კი არის ყველაზე ცუდი, რადგანაც კომპანიას ხელს უშლის პროექტების გრძელვადიან დაგეგმარებასა და განხორციელებაში. ეს პრობლემა ან ერთი მხრივ, ან მეორე მხრივ უნდა განხორციელდეს. არის კომპრომისული ვარიანტიც, მაგრამ ხელისუფლებას მართებს მეტი აქტივობა და მეტი ჩართულობა, რომ ამ კომპრომისული ვარიანტის შეთანხმება მოხდეს. როდესაც ვამბობ, რომ ხელისუფლებას სჭირდება ჰიპერაქტიური საინვესტიციო პოლიტიკა, ეს გულისხმობს, რომ პრობლემები დროულად უნდა გადაწყდეს ხელისუფლების ჩართულობით და მედიატორობით. მსგავსი პრობლემები თუ არ გადაწყდა და შეთანხმება არ მოხდა, შემცირების ტრენდი, რაც კლებას უკავშირდება კიდევ გაგრძელდება, რაც არც საზოგადოებას, არც კომპანიას და არც ბიუჯეტს არ აწყობს“,– აცხადებს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ ციფრებში გამოხატული კლება არავისთვის მისაღები არ არის.