სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ 1-5 ოქტომბერს ბავარიული ლუდის ფესტივალი „ოქტობერფესტი“ გაიმართება. ღონისძიება ლუდი „კაიზერის“ მხარდაჭერით ჩატარდება. მას პატრონაჟს გერმანიის ელჩი საქართველოში ორთვინ ჰენიგი უწევს, ხოლო მედიაპარტნიორობას – ჯგუფი „ჯორჯია თუდეი“ და “ქართული OK”.
დღეს მედიისთვის სპეციალურად მოეწყო „მინი ოქტობერფესტი“. მოსულმა სტუმრებმა დააგემოვნეს ბავარიული კერძები და ლუდი „კაიზერი“.
როგორც სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასის გენერალურმა მენეჯერმა ანდრეას ჰაიდინგსფელდერმა აღნიშნა, შერატონი ყოველთვის „აკავშირებს ადამიანებს“, მათ კულტურას, ხელოვნებასა და ადამიანურ ღირებულებებს.
„ეს არ არის მხოლოდ მარკეტინგული ღონისძიება, საიდანაც შემოსავალს ელი, არამედ ეს არის ბავარიული კულტურის გაზიარება საქართველოში, რისი ერთ-ერთი დასტურიც მასში გერმანიის საელჩოს მონაწილეობაა. ფესტივალზე გამოტანილი იქნება არამარტო ნამდვილი ბავარიული საკვები პროდუქტები, არამედ დეკორაცია და ეროვნული ბავარიული ტანისამოსი. სპეციალურად ღონისძიებისათვის მოწვეულია ფოლკლორული გუნდი „გრენციაგა“ და მომღერალი რომი დადლჰუბერი გერმანიიდან. 5 ოქტომბერს ეს ბენდი ფოლკლორულ ანსამბლ „ურმულთან“ ერთად მუსიკლაურ იმპროვიზაციას შემოგვთავაზებს“, – აღნიშნა ანდრეას ჰაიდინგსფელდერმა.
შეხვედრაზე გერმანიის ელჩმა ორთვინ ჰენიგმა გაიხსენა ტრადიცია, საიდანაც ბავარიული ლუდის ფესტივალი მოდის. მისივე თქმით, ბავარიული ოქტობერფესტი ეს არის ყველაზე ცნობილი ლუდის ფესტივალი მსოფლიოში, რომელიც იმართება ყოველწლიურად 1801 წლიდან ქ.მიუნხენში და მას ყოველწლიურად 6 მილიონამდე ვიზიტორი სტუმრობს. მისივე განცხადებით, ამ დღეს ყველა გერმანელი ბავარიელი ხდება.
“მართალია, თავად არ ვარ ბავარიელი, მაგრამ ზუსტად ამ დროს ყველა გერმანელი ბავარიელი ხდება.ეს ტრადიცია დაიწყო 1801 წელს, როდესაც ბავარიის პრონცმა მოიყვანა პრინცესა და მას შემდეგ ეს პატარა ღონისძიება გადაიქცა ღონისძიებად, რომელიც 6 მილიონ ადამიანს აერთიანებს ყოველ წელს ამ დროს. ამას უერთდება არა მხოლოდ გერმანია, არამედ ყველა ქვეყანა, სადაც ამის მიმსგავსებული ფესტივალი ტარდება. ძალიან მოხარული ვარ, რომ ეს ტრადიციები საქართველოშიც შემოვიდა. გისურვებთ წარმატებას მომავალ ამ ღონისძიებაზე, მშვიდ, წყნარ და ბედნიერ დღეებს. ბავარიული ღონისძიება არის ბავარიული დემოკრატიის სარკე და როდესაც აბსოლუტურად განსხვავებული ადამიანები მათი სქესის, რჯულისა და პოლიტიკური მსოფლმხედველობის მიუხედავად, ერთად სხედან, ფული აქვთ თუ არ აქვთ, ამასაც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ერთობიან, ეს არის ყველაზე დიდი წარმატება, რაც ამ ღონისძიებას შეიძლება ახლდეს თან”,- განაცხადა ორთვინ ჰენიგმა.
ამასთან, როგორც კომპანია „ნატახტარის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ნინო სურმავამ აღნიშნა, Oktoberfest-ზე ერთხელ მაინც მოხვედრა ყველა ადამიანს უოცნებია, იმის მიუხედავად, არის თუ არა ლუდის მოყვარული. მის მონაწილეებს ლუდითა და მუსიკით სიამოვნების მიღების საშუალება წელსაც მიეცემათ.
“ჩვენ ვართ ამ ფესტივალის სპონსორები.ამ შემთხვევაში სპონსორია ლუდი “კაიზერი”.Oktoberfest რადგან არის გერმანული ლუდის ფესტივალი, ამიტომ, ჩვენც წარმოდგენილები ვართ გერმანული ლუდის ბრენდით.ფესტივალზე, გერმანული ბენდი იმღერებს, ქართული მუსიკაც იქნება, შესაბამისად კარგი სიტუაცია იქნება იმისთვის, რომ ადამინმა გაატაროს დრო, მიირთვას ლუდი, მოუსმინოს ცოცხალ მუსიკას”,- განაცხადა ნინო სურმავამ.
„ჯორჯია თუდეი ჯგუფის/ქართული OK“-ის წარმომადგენელ მაია წერეთლის თქმით კი, ქართველებს ლუდთან დაკავშირებით ისეთივე ტრადიციები გვაქვს, როგორიც გერმანელებს.
„დღეს, როცა ქუჩებში ლუდის დალევა აიკრძალა, ლუდის ფესტივალის „შერატონ მეტეხი პალასში“ ჩატარება მნიშვნელოვანია. იმედია, 1-დან 5 ოქტომბრის ჩათვლით ლუდის დალევას სწორედ აქ მოინდომებთ და არა სადმე, ქუჩაში“, — აღნიშნა მაია წერეთელმა.
ბავარიული ლუდის ფესტივალს 1 ოქტომბერს 18.00 საათზე ორთვინ ჰენიგი ოფიციალურად გახსნის.
ფესტივალის პროგრამა მოიცავს:
1- დან 5 ოქტომბრამდე ყოველდღე, საღამოს 7 საათიდან – მრაფალფეროვანი ბავარიული მენიუ – სპეციალურად გერმანიიდან სპეციალურად მოწვეული ფოლკლორული გუნდი „გრენციაგა“ და ცნობილი მომღერალი რომი დადლჰუბერის აკომპანიმენტით. 1 ოქტომბერს, საღამოს 6 საათზე – “O’zapft is” – საღამოს ოფიციალური გახსნა გერმანიის ელჩის ორთვინ ჰენიგის მიერ. 5 ოქტომბერს, დილის 11:00დან – მუსიკალური ინტერპრეტაცია ფოლკლორული გუნდი „გრენციაგა“-სა“ და ქართული ფოლკოლრული ანსამბლის „ურმული -ს“ შესრულებით.