სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სადახლოს გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე მომსახურების ახალი ოფისი გახსნა, სადაც ფიტოსანიტარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ექსპორტისთვის ადგილზე გასცემენ სერტიფიკატს. ოფისი სომხეთში მცენარეული წარმოშობის ტვირთების გატანის მსურველებს მოემსახურება.
სააგენტოს ახალი ოფისის გახსნა მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც 2014 წლის 13 სექტემბრიდან სავალდებულო გახდა ფიტოსანიტარული სერტიფიკატის აღება ექსპორტის დროს. მანამდე კი აღნიშნული პროცედურა ნებაყოფლობითი იყო. 13 სექტემბრიდან სერტიფიკაცის მაძიებლების დიდი რაოდენობის გამო შეფერხებული იყო სერტიფიკატების გაცემა სურსათის ეროვნული სააგენტოს მარნეულის ოფისში.
სადახლოს გამშვებ პუნქტთან სააგენტოს ოფისის გახსნით გამარტივდა სერტიფიკატის აღება, განიტვირთა ხალხმრავლობა, რის გამოც ექსპორტიორები კმაყოფილებას გამოთქვამენ.