2011 წლიდან, სულ 3 წელია, რაც „საპარტნიორო ფონდი“ არსებობს და ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში მთავრობამ 3-ჯერ განიზრახა მისი სხვადასხვა სტრუქტურად რეორგანიზაცია და საკანონმდებლო ინიციატივის წესით შეაქვს პარლამენტში კანონპროექტთა შესაბამისი პაკეტები. პირველი ვარიანტით „საპარტნიორო ფონდის“ „სუვერენულ ფონდად“ გარდაქმნა იყო გათვალისწინებული, მაგრამ მთავრობამ თავისივე საკანონმდებლო ინიციატივა უკან ისე გაიწვია, რომ პარლამენტმა მისი განხილვის დაწყებაც კი ვერ მოასწრო. ამ ინიციატივის ბედი სრულად გაიზიარა მომდევნომ, რომელიც „საპარტნიორო ფონდის“ „განვითარების ბანკად“ რეორგანიზაციას ითვალისწინებდა. ბოლო ინიციატივის მიხედვით კი „საპარტნიორო ფონდი“ „განვითარების ფინანსურ კორპორაციად“ უნდა გარდაიქმნას. შეგახსენებთ, რომ „საპარტნიორო ფონდი“ არის „მეწარმეთა შესახებ“ კანონით განსაზღვრული სააქციო საზოგადოება, რომელიც 100%-ით სახელმწიფოს ეკუთვნის, ხოლო თავად ფონდი ფლობს „საქართველოს რკინიგზის“, „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“, „საქართველოს ელექტროსისტემის“ აქციების 100%-ს და „თელასის“ აქციების 25%-ს. მისი მიზნებია: სამუშაო ადგილების შექმნა, ინვესტიციების მოზიდვა, შეფერხებული პროექტის დასრულებისათვის ხელშეწყობა, განხორციელებული პროექტის განსახელმწიფოებრიობა.
დავუბრუნდეთ ისევ მთავრობის აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივებს. 2013 წლის გაზაფხულიდან მთავრობა „საქართველოს სუვერენული ფონდის“ შესაქმნელად შესაბამის საკანონმდებლო ბაზაზე მუშაობას შეუდგა და ამაში მას საერთაშორისო ორგანიზაციებიც ეხმარებოდნენ. „სუვერენული ფონდი“ „საპარტნიორო ფონდის“ საფუძველზე უნდა შექმნილიყო, ფონდის აქციათა 100%-ის მფლობელი სახელმწიფო იქნებოდა და მის კაპიტალში გადავიდოდა ყველა ის სახელმწიფო აქცია, რომელსაც ამჟამად „საპარტნიორო ფონდი“ ფლობს. „სუვერენული ფონდის“ მიზანი იქნებოდა მომგებიანი საინვესტიციო პროექტების განვითარება და ხელშეწყობა და ასეთ პროექტებში კერძო ინვესტიციების მოზიდვა.
ყველაფერი თითქოს კარგად მიდიოდა, მაგრამ მოულოდნელად მთავრობამ საკუთარი საკანონმდებლო ინიციატივა უკან გაიწვია და მის ნაცვლად პარლამენტში „საქართველოს განვითარების ბანკის შესახებ“ კანონპროექტი შეიტანა. ამ დოკუმენტის თანახმად, „განვითარების ბანკი“ არის „საპარტნიორო ფონდის“ რეორგანიზაციის შედეგად, სახელმწიფოს მიერ შექმნილი კერძო სამართლის იურიდიული პირი - სააქციო საზოგადოება. მას, გარდა საქართველოს სახელმწიფოში, შესაძლებელია ჰყავდეს სხვა პირები აქციონერების სახით, რომელთა კუთვნილი აქციების ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 49%-ს.
„განვითარების ბანკის“ მიზანია:
ა) ბაზრის ჩავარდნის გამოსავლენად ეკონომიკის ცალკეული სექტორების ანალიზი, კერძო საფინანსო ინსტიტუტებისთვის ნაკლებად მიმზიდველ და სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან სფეროებში ფინანსებზე წვდომის უზრუნველსაყოფად;
ბ) სოციალურ-ეკონომიკურ შედეგზე ორიენტირებული საქმიანობის განხორციელება;
გ) შეფერხებული და მიმდინარე პროექტების დასრულებისათვის ხელშეწყობა და ახალი პროექტების შემუშავება ან/და დაფინანსება;
დ) ეკონომიკის რეალური სექტორისთვის გრძელვადიანი ფინანსური რესურსების შექმნა და მათ წვდომაზე ხელშეწყობის უზრუნველყოფა.
„განვითარების ბანკის“ დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:
ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი; ბ) განვითარების ბანკის გაუნაწილებელი მოგება; გ) საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მოზიდული გრანტები; დ) კაპიტალის საერთაშორისო ბაზრებიდან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან და სხვა სუბიექტებისგან მიღებული სესხები (ფულადი სახსრები), მათ შორის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო გარანტიით მიღებული სესხები (ფულადი სახსრები); ე) დამფუძნებლის შენატანი განვითარების ბანკის კაპიტალში; ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრები.
რაც შეეხება ფუნქციებს:
1. “განვითარების ბანკი” უფლებამოსილია განახორციელოს: ა) სესხების გაცემა კომერციული ბანკების მეშვეობით; ბ) გარანტიების გაცემა; გ) დაზღვევისა და გადაზღვევის ოპერაციები; დ) საშუამავლო მომსახურება საფინანსო ბაზარზე; ე) ობლიგაციებისა და სხვა ფინანსური ინსტრუმენტების გამოშვება; ვ) საინვესტიციო პროექტებში პირდაპირი ან ვალდებულებითი მონაწილეობა; ზ) იჯარის, სალიზინგო ოპერაციები; თ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა საქმიანობა; 2. „განვითარების ბანკი“ უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, მის მიერ აღებულ ფინანსურ ვალდებულებებზე მიიღოს საქართველოს სახელმწიფო გარანტია;
3. განვითარების ბანკს ეკრძალება: ა) დეპოზიტების მიღება; ბ) ანგარიშსწორების მომსახურების განხორციელება.
მთავრობის მიერ კანონპროექტის პარლამენტში შეტანამდე, საჯაროდ პირველმა, მაშინ უკვე ექსპრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, ჩვენს ქვეყანაში „განვითარების ბანკი“ შეიქმნებაო და ეს იყო 2014 წლის 18 მარტს. ხოლო აპრილის დასაწყისში ჩინეთიდან ახალდაბრუნებულმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ გვამცნო, რომ სულ მალე პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტი შევიდოდა და წლის ბოლომდე ბანკი ამოქმედდებოდა. მაშინვე გავრცელდა ხმები მომავალი სტრუქტურის პრეზიდენტად საგანელიძის შესაძლო დანიშვნის შესახებ. 14 აპრილს პარლამენტში მართლაც შევიდა კანონპროექტი, რომლის ავტორი ეკონომიკური საბჭოს აპარატი, ინიციატორი კი საქართველოს მთავრობაა. ამ კანონპროექტს ექსპერტებსა და პოლიტიკოსებში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. თავად უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ მისი განხილვისთვის საგაზაფხულო სესიაზე ვერ (თუ არ) მოიცალა, სესიის დასასრულს კი ითქვა, რომ განხილვას საშემოდგომო სესიაზე შეუდგებოდნენ. მაგრამ 26 აგვისტოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა საჯაროდ განაცხადა, „განვითარების ბანკი“ კი არა, „განვითარების ფინანსური კორპორაცია“ უნდა შევქმნათ და შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში უკვე წარვადგინეთო.
უცნაურია, რატომ დასჭირდა ვიცე-პრემიერს ამის განცხადება იმ დროს, როდესაც არათუ 26 აგვისტოს, 12 სექტემბერსაც კი ეს დოკუმენტი პარლამენტში ჯერაც არ იყო შესული. ასე რომ, დაზუსტებით ვერც მის შინაარსზე მოგახსენებთ რამეს. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ კულუარული ინფორმაციით, მთავრობამ თავის მიერ გაწვეულ ბოლო კანონპროექტში მცირეოდენი ცვლილებები შეიტანა და მომავალ სტრუქტურას „განვითარების ბანკის“ ნაცვლად „განვითარების ფინანსური კორპორაცია“ დაარქვა. ამდენად, ისევ „საქართველოს განვითარების ბანკის“ შესახებ მსჯელობით შემოვიფარგლებით.
რატომ იქმნება ახალი სტრუქტურა
ეკონომიკური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის რომან გოცირიძის აზრით, ახალი სტრუქტურის შექმნის არანაირი აუცილებლობა არ არსებობს. ეს ჰგავს თანამდებობებისთვის ბრძოლას ახალი ინსტიტუტების შექმნისა და საკანონმდებლო ბერკეტების გამოყენებით. ვინ იბრძვის, უკეთ მას შემდეგ გამოჩნდება, თუ როგორ განაწილდება პოსტები (იქ უამრავი სხვადასხვა რანგის თანამდებობაა). ფაქტობრივად, ეს არის „საპარტნიორო ფონდისთვის“ სახელის შეცვლა “საპარტნიორო ფონდში” შეფარული საკადრო ცვლილებების განხორციელების მიზნით. მართალია, “საპარტნიორო ფონდთან” შედარებით მომავალი სტრუქტურის ფუნქციები ძალიან ფართოვდება, მაგრამ ეს არაა მთავარი. “განვითარების ბანკმა” საერთოდაც რომ არ იმუშაოს, მას ყოველთვის ექნება ბიუჯეტიდან იმდენი შემოსავლის წყარო, რომ ბიუროკრატია შეინახოს. ასე რომ, პირველ რიგში, ეს არის ბიუროკრატიული შტატების შექმნის მექანიზმი. ხოლო ვის შორის ბრძოლაზეა ლაპარაკი, ამას კარგად გვაჩვენებს ის პროცესი, თუ როგორ მიდიოდა შეტევები “საპარტნიორო ფონდზე”. ჯერ იყო “საპარტნიორო ფონდის” (მისი სტრუქტურის, ინსტიტუციონალურადაც, საკანონმდებლო კუთხითაც) კიდევ უფრო გაუმჯობესების მცდელობა და შემუშავდა “საპარტნიორო ფონდის” “სუვერენულ ფონდად” ტრანსფორმაციის კანონპროექტი, რომელიც მთავრობამ, როგორც საკუთარი ინიციატივა, პარლამენტში შეიტანა. ეს დოკუმენტი საერთაშორისო ორგანიზაციებთანაც შეთანხმებული იყო. მიუხედავად იმისა, რომ “საპარტნიორო ფონდის” გაუმჯობესების პროცესი დაწყებული იყო, ყველაფერი ძალიან უცნაურად გაჩერდა, გაიყინა და ბოლოს, აბსოლუტურად დაუსაბუთებლად და გაურკვეველი მიზეზებით, კანონპროექტი მთავრობამ უკან გამოიწვია. როგორც გოცირიძე შენიშნავს, რა ძალის შიდა ინტრიგები უნდა ყოფილიყო სახელისუფლებო უმრავლესობაში, რომ ასე მოკლე დროში მთავრობას ან აზრი შეეცვალა, ან ვერ გაეძლო პოლიტიკური ზეწოლისთვის?!
თუმცა, “განვითარების ბანკის” შექმნის იდეაც “გაიჭედა”, ვინაიდან მან მხარდაჭერა ვერსად ჰპოვა: ვერც საექსპერტო წრეებში, ვერც პარლამენტში. მთავრობაშიც, როგორც ჩანს, არ არის ერთსულოვანი აზრი ამის შესახებ. საერთაშორისო ორგანიზაციები არ უჭერენ მხარს და მთავრობას ერთი პერიოდი კვლავ უნდოდა “სუვერენული ფონდის შესახებ” კანონპროექტის ისევ უკან დაბრუნება. პარლამენტის საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარულ სხდომაზე იყო მცდელობა, რომ “განვითარების ბანკის” საკითხი დღის წესრიგში შეეტანათ და პირველი მოსმენით მიეღოთ, მაგრამ ეს დროში დაემთხვა იმ დღეებში ვაშინგტონში სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს სხდომას, სადაც უნდა განხილულიყო საქართველოსთვის 154 მლნ დოლარის ოდენობის სესხის გამოყოფის საკითხი. მთავრობამ არ გარისკა და შეაჩერა ამის განხილვა, ვინაიდან შეიძლება სავალუტო ფონდის პროგრამა ჩავარდნილიყო იმ მიზეზით, რომ სავალუტო ფონდი “განვითარების ბანკის” შექმნის იდეას ნეგატიურად უყურებს. რა მოხდება ახალი საპარლამენტო სესიის დაწყების შემდეგ, არავინ იცის და თუკი მაინც და მაინც მოხდა “კბილებით” ამ კანონის გატანა, როდესაც არავის ეს არ უნდა (მათ შორის, არც საერთაშორისო ორგანიზაციებს), გოცირიძის შეფასებით, ეს უკვე ძალიან დამაფიქრებელია, ვინაიდან ეს სტრუქტურა ფაქტობრივად გამოდის პარაზიტი და ბიუჯეტის სახსრების ამთვისებელი. მისივე განმარტებით, ის, რომ შეიძლება ამ სტრუქტურაში ვინმემ საკუთარი ფული ჩადოს, არის აბსურდი, ვინაიდან თვითონ ამ ბანკის წესდებიდან გამომდინარე, ბანკი ორიენტირებული იქნება არა კომერციულ პროექტებზე, რომლებიც შემდეგ მის აქციონერებს მოგებას მოუტანს, არამედ ე.წ. სახელმწიფო პრიორიტეტების მიხედვით, რაც თავისთავად ნიშნავს არამომგებიან პროექტებში თანხების ჩადებას. თუკი ვინმეს კერძო ბიზნესში ფული აქვს, ის ეცდება კომერციული ბანკის კაპიტალიზაციაში მიიღოს მონაწილეობა და შეიძენს აქციებს. 2 ყველაზე დიდი ქართული ბანკის აქციები უკვე ლონდონის ბირჟაზე იყიდება. რატომ ჩადებს ფულს იგი უპერსპექტივო ბანკში?! თანაც, ბანკს პირობითად ვუწოდებთ; სინამდვილეში ეს არ არის ბანკი. ეს არის ფონდი. მაგრამ ფონდის ხსენება არ უნდათ, ვინაიდან გამოდის, რომ თუკი ერთი ფონდი (საპარტნიორო) არის, მაშინ რა აუცილებელია მისი ცვლილება?! ამიტომ მას უწოდეს ბანკი.
ჩვენნაირი მცირე რესურსიანი ქვეყნისთვის განვითარების ბანკი უადგილოა
რაც შეეხება საერთოდ, განვითარების ბანკების, ანუ სახელმწიფო ბანკების ისტორიას, გოცირიძე ირწმუნება, რომ განვითარების ბანკები გუშინდელი დღეა. ასეთი ბანკები იყო მობილიზაციური ეკონომიკის პირმშოები, რომლებიც ომის შემდგომი ეკონომიკის აღდგენას ემსახურებოდნენ. ბოლო წლებში განვითარების ბანკები, ფაქტობრივად, კომერციულ საწყისებზე გადადიან და ხდება მათი კომერციულ ბანკებად ტრანსფორმირება. შემორჩნენ ისეთ ქვეყნებში, სადაც დიდი სახელმწიფო მშენებლობები მიმდინარეობს და სადაც დროის ცვლილებების შემდეგ მათ უკვე დაკარგეს თავიანთი პირველი მიმზიდველობა. რომან გოცირიძის თქმით, ჩვენი ხელისუფლება იტყუება, თითქოს განვითარების ბანკები მსოფლიოს 140 ქვეყანაშია. სინამდვილეში არის 30-მდე ქვეყანაში, ისეთ დიდრესურსიანში, როგორიცაა ჩინეთი, იაპონია, ამერიკა, ინდოეთი, რუსეთი და სხვა. რომ ამბობენ, გერმანიაში KFW ხომ არისო, - არ არის ეს განვითარების ბანკი! ეს არის განვითარების სამსახური, რომელიც მუშაობს უცხოეთის ქვეყნებზე, თვითონ გერმანიაში არაფერს აფინანსებს. ისეთივე ფონდია, როგორც მაგალითად, USAID-ი. საქართველოში, რომლის ბიუჯეტის 18% საგარეო და საშინაო ვალებით არის ფორმირებული, ანუ ვალებით შეკერილ ბიუჯეტს კიდევ შეუქმნა რაღაც ბანკი, რომელიც ბიუჯეტის ფულს წინასწარ განწირულ პროექტებში განათავსებს - ეს არის დიდი უაზრობა. ჩვენნაირი მცირერესურსიანი ქვეყნისთვის ამის გაკეთება არ შეიძლება. ასე რომ, “განვითარების ბანკი” გუშინდელი დღეა. მსოფლიო შეიცვალა, სხვანაირი რესურსებია, ფინანსები სხვა არის და საერთოდ, თავისთავად ეს საპარტნიორო ფონდი შეცდომა იყო. პრემიერობიდან გათავისუფლებული გილაურისთვის შექმნეს სპეციალურად, რათა ის არ განაწყენებულიყო და ოპოზიციაში არ წასულიყო. ყველაფერი დაიწყო ამით. ანუ ამ სტრუქტურას პოლიტიკური მომენტი ყოველთვის თან სდევდა. “საპარტნიორო ფონდში” გილაურს ძალიან მაღალი ხელფასი ჰქონდა. სხვათა შორის, ამჟამინდელმა აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ ამ თანამდებობაზე მისვლისთანავე ხელფასები (მათ შორის, თავისიც) 30%-ით შეამცირა.
ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ “განვითარების ბანკის” შექმნა საბანკო სექტორს დააზარალებს, თუმცა, საბანკო ასოციაცია მხარს უჭერს ასეთი სტრუქტურის შექმნას და ამაში საბანკო სექტორისთვის საზიანოს ვერაფერს ხედავს. გოცირიძეს მიაჩნია, რომ ჩვენ არ უნდა მივუდგეთ ასე: საბანკო სექტორისთვის უარყოფითი იქნება თუ არა. რა თქმა უნდა, საბანკო სექტორისთვის არ იქნება უარყოფითი, რადგან საბანკო სექტორში 13 მილიარდი ლარია გაცემული სესხად, ხოლო “განვითარების ბანკი” 200-300 მილიონს გასცემს ბიუჯეტის ფულს და ვერასდროს გახდება კონკურენტი კომერციული ბანკისთვის. ამის განხილვა კომერციულ ბანკთან კონკურენციის კონტექსტში არასერიოზულია. ეს ხალხის “კონკურენტი” იქნება და იმის მაგივრად, რომ ბიუჯეტი ადამიანების კეთილდღეობას მოხმარებოდა, მოხმარდება რაღაც არაეფექტიან პროგრამებს. ამიტომ საბანკო ასოციაციის პოზიცია ამ შემთხვევაში არაფერს წყვეტს და ასოციაციას ასეთი პოზიცია აქვს ყოველთვის, დღიდან მისი არსებობისა. ამას ჰქვია ჩაპაევის სინდრომი. ჩაპაევს ჰკითხეს: რომელი პარტიის მხარეზე ხართ თქვენო? ჩაპაევმა უპასუხა: პარტია არ მაინტერესებს, იმის მხარეს ვარ, სადაც ლენინიაო. ასოციაციაც ასეა. მე არ ვიცი, პროექტი კარგია თუ ცუდი, მე იმას ვუჭერ მხარს, რასაც მთავრობა უჭერსო. ამიტომ მის აზრს ამ თემასთან დაკავშირებით არავითარი მნიშვნელობა არა აქვს.
გოცირიძე აცხადებს, რომ “განვითარების ბანკი” პოლიტიზირებული იქნება. “განვითარების ბანკს” ყველა ქვეყანაში უწოდებენ მთავრობის ბანკს. მთავრობის ბანკი ყოველთვის ისეთ პროექტებს განახორციელებს, რომლებსაც ექნება პოლიტიკური კონტექსტი საკადრო დანიშვნებიდან დაწყებული, დამთავრებული ისეთი პროექტების განხორციელებით, რომლებსაც ექნება პოპულისტური ან წინასაარჩევნო ეფექტი; ზოგადად, რაღაც პოლიტიკური ქვეტექსტები მთავრობის ხარჯებში ყოველთვის არის, მით უმეტეს, რომ ეს იქნება არაკონტროლირებადი ხარჯები. უბრალოდ, გამოიყოფა ფული, რომელსაც დაამტკიცებს, სანამ ბიუჯეტში მოხვდება და შემდეგ უკვე ეს ბანკი როგორ განკარგავს, სრული თავისუფლება აქვს. ეს არის უკონტროლო ფული, რომლის ხარჯვაშიც, რა თქმა უნდა, პოლიტიკური მომენტები იქნება. მთავარი პრობლემა აქ არის ის, რომ ბანკი ვერ განახორციელებს კომერციულად ეფექტიან პროექტებს, ეს ერთი და მეორეც, ქვეყანას არა აქვს იმის ფუფუნება, არც აქვს იმის უფლება, რომ ვალებით შექმნილ ბიუჯეტში ფული ხარჯოს არარაციონალურად. არნახულად გაიზარდა შიდა ვალი. სახაზინო ვალდებულებებით ხდება ბიუჯეტის დაფინანსება; ანუ საქართველოს მთავრობა იღებს ფულს უცხოეთში უცხოეთის ბანკებისა და ფონდებისაგან, საერთაშორისო ორგანიზაციებისგან და საქართველოს მთავრობა იღებს ვალს საქართველოს კომერციული ბანკებისგან და ეს არის ჯამში 1,8 მილიარდი ლარი. ხოლო ბიუჯეტის შემოსავალი 8 მილიარდზე ნაკლებია. ამიტომ როდესაც საკუთარი შემოსავლის წყარო არა გაქვს და ამ ისედაც მწირ რესურსებს ასეთ პროექტებზე ხარჯავ, ეს ძალიან დამაფიქრებელია. აქ უცნაური მომენტი ის არის, რომ მთავრობას ძალიან რომ უნდოდეს, ყოველთვის აქვს იმის რესურსი, რომ საკუთარი აზრი პარლამენტს თავზე მოახვიოს; პარლამენტიც და მთავრობაც ფეხს ითრევენ; გრძნობენ, რომ ცუდ საქმეში ჩაითრიეს, მაგრამ გამოსვლა უძნელდებათ, ვინაიდან ინერციით რაღაც პროცესები დაიწყო.
“საქართველოში ყოველი დაწყებული პროექტის უკან ადამიანების პორტრეტები იმზირებიან”
ერთ-ერთი ექსპერტის თქმით, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ამჯობინა, როგორ გადაწყდება ეს საკითხი, დამოკიდებული იქნება არა იმაზე, თუ როგორია ქვეყნის და ბიუჯეტის ინტერესი, არამედ შიდა პოლიტიკური მიზანშეწონილებიდან გამომდინარე. საქართველოში ყოველი დაწყებული პროექტის უკან ადამიანების პორტრეტები იმზირებიან, თუმცა ამ შემთხვევაში შეიძლება სულაც არა იმ ადამიანებისა, რომლებზეც დღეს პრესა წერს. არ არის გამორიცხული, რომ ეს პორტრეტები შემდეგ გამოჩნდება, როდესაც ამ ბანკში საკმაოდ მაღალხელფასიანი პოსტები განაწილდება. ისე, პრესაში დასახელებულთაგან ერთ-ერთმა, ეროვნული ბანკის ექსპრეზიდენტმა ნოდარ ჯავახიშვილმა ჩვენთან სატელეფონო საუბრისას ამ საქმეში რამე სახით თავისი მონაწილეობა აბსოლუტურად გამორიცხა და გაიკვირვა, სხვა თუ არაფერი, ჩემი და მერაბ კაკულიას ერთად მუშაობა როგორ წარმოგიდგენიათო?! შეგახსენებთ, რომ კაკულიას კარგა ხანი ეკავა სებ-ის ვიცე-პრეზიდენტის პოსტი და აქედან რამდენიმე წელი სწორედ ჯავახიშვილის პრეზიდენტობის დროს. კაკულიამ კი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. ასევე არ უპასუხა კოვზანაძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროში ნოდარ ხადურთან შეხვედრებს მართავს ექსპერტთა ჯგუფი, რომელშიც შედიან დავით საგანელიძე, მერაბ კაკულია, ნოდარ ჯავახიშვილი, მირიან გოგიაშვილი. მათ შექმნეს ეს კანონპროექტი და შემდეგ საკუთარ თავს მოიაზრებენ ბანკის პრეზიდენტად, ვიცე-პრეზიდენტად, აღმასრულებელ დირექტორად თუ დირექტორებად. მართალია, დღეს ჯავახიშვილი “ქართუ ბანკის” გენერალური დირექტორია, მაგრამ რადგან ეს ბანკი იყიდება, გამორიცხული არ არის, იგი “განვითარების ბანკში” რამე თანამდებობაზე დანიშნონ. გიორგი ქადაგიძეს სებ-ის პრეზიდენტობის ვადა 2015-ში კი უმთავრდება, მაგრამ ჯავახიშვილი თავისი წარსულის (ნასამართლეობის) გამო ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ვერ გახდება. როდესაც ამ პოსტზე მისი კანდიდატურა რევოლუციურ ტალღაზე წამოაყენეს, მაშინ კიდევ რაღაცა შეიძლებოდა, მაგრამ დღეს არც პარლამენტი დანიშნავს, არც სავალუტო ფონდი. ფინანსთა სამინისტროში მიდის ამ საკითხების განხილვები. გიორგი კვირიკაშვილი იქ არ დადის, იგნორირებას უკეთებს ამ შეხვედრებს. ირაკლი კოვზანაძე ხან ესწრება, ხან არა. ძნელი სათქმელია, საერთოდ, არის თუ არა ჰარმონიული ურთიერთობა ხადურსა და კვირიკაშვილს შორის, მაგრამ ამ საკითხთან მიმართებაში აზრთა თანხვედრა არ არის.
ახალ სტრუქტურაში სადაა კოვზანაძის ადგილი? - ჩვენი რესპონდენტი ექსპერტის აზრით, მას გაუშვებენ. ისეთი პირი უჩანს, რომ პრეზიდენტი საგანელიძე იქნება. კოვზანაძე ბანკირია, პროფესორია, წესიერი კაცია. პოლიტიკურად ყველაზე დაუცველია კოვზანაძე და მას ართმევენ სკამს. ყველაზე ნაკლები დანაშაული არის ამ ფონდის არსებობა და ყველაზე უკეთესი ამ კანდიდატებს შორის არის კოვზანაძე. ის არ მოიპარავს, პროფესიონალია. საგანელიძეს საბანკო სისტემაში რა უნდა?! ამაზე ჩვენს ხელისუფლებას სერიოზული პრობლემა ექნება სავალუტო ფონდთან. სესხის დამტკიცებამდე სავალუტო ფონდთან პროგრამა არ არსებობდა. ახლა გვაქვს. პროგრამა 3-წლიანია. ფონდი პროგრამას რომ დაიწყებს, ჩაგავლებს ხელს და არ გაგაქანებს. 154 მლნ დოლარი 3 ტრანშად უნდა წამოვიდეს. 154 მლნ დიდი ფული არაა (90 მლნ ახლა წამოვა), მაგრამ ტრანში რომ შეაჩერონ რაღაცის გამო, უკვე პოლიტიკური სკანდალია, ქვეყნის რეიტინგზე იმოქმედებს და სავალუტო ფონდის მხრიდან ინვესტორები ცუდ სიგნალს მიიღებენ, ინვესტიციები აღარ შემოვა და ასე შემდეგ. თან ახლა ამ პროგრამის ამოქმედებით ფონდი საქართველოში პოზიციებს იძლიერებს და არ დაუშვებს, რომ “განვითარების ბანკის” პრეზიდენტი ექიმი იყოს. დღეს სიტუაცია არის საყაიმო.
ძირითადი კამათი იყო იმაზე, რომ ბანკი არ დარქმეოდა
საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტ ზურაბ გვასალიას ინფორმაციით, ამ თემას ოქტომბრის ბოლომდე-ნოემბრის დასაწყისამდე არ დაუბრუნდებიან. მომავალი სტუქტურის დასახელებას იმდენად მნიშვნელობა არა აქვს, რამდენადაც შინაარსს. იყო კამათი დასახელებაზე, რომ ბანკი რატომ უნდა იყოს და იყოს ფინანსური კორპორაცია, რადგან სახელწოდება “ბანკმა” შეიძლება ინვესტორი და პოტენციური კლიენტი დააბნიოს, ამიტომ ფინანსური კორპორაცია დავარქვათო. მთავარია, რომ ამ სტრუქტურას არ უნდა ჰქონდეს დეპოზიტების მიღების უფლება, სესხების პირდაპირი გაცემის უფლება და კანონპროექტის მიხედვით არც აქვს. თუ თანხების მოზიდვა დეპოზიტების სახით არ შეეძლება, სესხების პირდაპირი გაცემის უფლება არ ექნება და უნდა დააფინანსოს დიდი პროექტები, - ასეთ შემთხვევაში “განვითარების ბანკმა” საბანკო სექტორს რა პრობლემა უნდა შეუქმნას?! პირიქით, შეიძლება ბანკი პარტნიორიც კი გამოვიდეს. ეკონომიკის რეალურ სექტორს ფაქტობრივად საბანკო სექტორი აფინანსებს. “განვითარების ბანკის” მხრიდან დაფინანსებისას კი ლაპარაკი შეიძლება იყოს მსხვილ პროექტებზე: დიდ ჰესებზე, ქალაქის განაშენიანებაზე, პორტების აშენებაზე, სარკინიგზო ხაზების გაყვანაზე. ამ შემთხვევაში “განვითარების ბანკი” საბანკო სექტორის პარტნიორიც კი გამოვა, ვინაიდან, ვთქვათ, დიდი სარკინიგზო ხაზი როცა კეთდება, მის ორივე მხარეს ინფრასტრუქტურა ხომ უნდა გაკეთდეს, გაიხსნას მაღაზიები, ავტოგასამართი სადგურები, სასტუმროები და ასე შემდეგ. აი, როდესაც ხდება მისი კომერციული განვითარება, ამაში შედის საბანკო სექტორი. ახლა მთელი საკურორტო ზონები არის ასაშენებელი და ეს სახელმწიფოს ინტერესებიც არის და კომერციული სექტორის ინტერესებიც. ანუ აქ ინტერესთა თანხვედრაა.
თანაც, უცხოელი ინვესტორი თითქმის ყოველთვის სახელმწიფო გარანტიას თხოულობს, რომ დიდი ინვესტიცია შემოიტანოს. მოგეხსენებათ, სახელმწიფო გარანტიის უკან დგას ბიუჯეტი და ბიუჯეტის რისკის ქვეშ დაყენება კანონით არის აკრძალული და არც ერთი ჩვენი პარტნიორი საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაცია - არც მსოფლიო ბანკი, არც სავალუტო ფონდი ამის უფლებას არ მოგვცემს. “საქართველოს განვითარების ბანკს” კი, სადაც ძირითადი კაპიტალი სახელმწიფო საკუთრებაა, იმ კაპიტალით შეეძლება გარანტიების გაცემა. მაშინ ბიუჯეტს ზარალი არ ადგება. მანდ ძირითადი კამათი იყო იმაზე, რომ ბანკი არ დარქმეოდა (თუმცა, კიდევაც რომ დარქმეოდა, ის საბანკო ზედამხედველობაში არ მოექცეოდა). ამიტომაც გააკეთებენ “საქართველოს განვითარების საფინანსო კორპორაციას”. მშვენიერი სახელი იქნება, არავის აერევა და საბანკო სექტორს არ მიაწერენ მას. ეს იქნება ჩვეულებრივი დიდი გაერთიანება, რომელიც სახელმწიფო ინტერესებს მოემსახურება.
ჩვენი მხრიდან მხოლოდ ერთს დავძენდით: მოემსახურება კი?