კვლევის შედეგად ლუდის ნარჩენი იდეალური აღმოჩნდა ძვლის რეგენერაციისთვის.
ლუდის ხარშვის შუალედური პროდუქტების მართვა ლუდის მწარმოებლებს ყოველწლიურად საკმაოდ ძვირი უჯდებათ, მაგრამ ახლახან გამოქვეყნებული კვლევის წყალობით ლუდის ნარჩენი შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს კიდურების გადასარჩენად. მკვლევართა ჯგუფის განცხადებით, ლუდის ნარჩენი ძვლის რეგენერაციისთვის იდეალურ ნივთიერებებს შეიცავს .
მადრიდის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო ტექნოლოგიის ცენტრის და კატალიზის და ნავთობქიმიის ინსტიტუტის სამეცნიერო კვლევების უმაღლესი საბჭოს მეცნიერებმა შეისწავლეს ლუდის ორგანული ნარჩენი, რომელიც ხარშვის პროცესში გამოყენებული მარცვლეულისაგან მიიღება და შეიძლება მისი ბიოსაწვავად ან ცხოველის საკვებად მოხმარება. აღნიშნული ნარჩენის ქიმიური შედგენილობა ისეთივეა, როგორიც ძვლის. კერძოდ, შეიცავს ფოსფორს, კალციუმს, მაგნიუმსა და სილიციუმს.
შედარებით უფრო ადრე გამოქვეყნებულ (RSC Advances) კვლევაში ჯგუფი განმარტავდა:
„ლუდის წარმოების ნარჩენებიდან შეიძლება მომზადდეს ბიოთავსებადი მასალები. კერძოდ, მათი მახასიათებლების იმგვარი ცვლილებაა შესაძლებელი, რომ მოხდეს მაგალითად, ამ მასალებით ოსტეოპოროზის მკურნალობისას გამოყენებული ნაერთების ჩანაცვლება, პროტეზების დაფარვა, ძვლოვანი ტრანსპლანტატების და კბილის იმპლანტების დამზადება გაცილებით უფრო მაღალი რენტაბელობით, ვიდრე ტრადიციული მატრიცები. შესაბამისად, შესაძლებელი გახდება არაგანახლებადი ნედლეულის ან ტოქსიკური ნივთიერებების გამოყენების გამორიცხვაც.“
ნარჩენის ფოროვანი ნაერთის გამოყენებით ძვლის კულტივირებული უჯრედების მიმართ მკვლევარებმა შეისწავლეს რეგენერაციისთვის ორგანული ნარჩენის, როგორც მატრიცის, ვარგისიანობა. შემდგომი კვლევა სავარაუდოდ გამოავლენს უფრო მეტ კონკრეტულ ასპექტს აღმოჩენის პრაქტიკულ გამოყენებასთან დაკავშირებით, ხოლო მანამდე ყველამ მიირთვით ლუდი!