ოპოზიციონერი დეპუტატი გივი თარგამაძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრია, თუმცა, ის 2013 წლის 1-ელი აგვისტოდან 2014 წლის 13 მარტამდე, კომიტეტის არცერთ სხდომას არ დასწრებია.
პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა კომიტეტებს დეპუტატთა გაცდენების თაობაზე ინფორმაციის მომზადება მოსთხოვა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ვახტანგ ხმალაძის კომიტეტში დასწრებით არ გამოირჩევიან.
გაცდენების კუთხით, გივი თარგამაძე ლიდერობს, რომელიც 46 სხდომიდან არცერთს არ დაესწრო და 19 შემთხვევაში, საპატიო მიზეზად „ოჯახური მდგომარეობა“ დაასახელა, 23 შემთხვევაში „სხვა მიზეზი“, 4 სხდომა კი, მას არასაპატიოდ ჩაუთვალეს.
თარგამაძის გარდა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დასწრებით თავი დიდად არ შეიწუხა პაატა ლეჟავამ, რომელიც 46 სხდომიდან მხოლოდ ხუთ სხდომას დაესწრო და 19 შემთხვევაში, „ოჯახური მდგომარეობა“ მოიმიზეზა, 23 შემთხვევაში „სხვა მიზეზი“, ხოლო მას 4 სხდომა არასაპატიოდ ჩაეთვალა.
თანაგუნდელების მსგავსად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტს არ სწყალობს გიორგი ღვინიაშვილიც. როგორც მონაცემებიდან ირკვევა, ღვინიაშვილი 46 სხდომიდან მხოლოდ ერთს დაესწრო. 11 შემთხვევაში „ოჯახური მდგომარეობა“ მოიმიზეზა, 15 შემთხვევაში „სხვა მიზეზი“, ხოლო 4 მას არასაპატიოდ ჩაეთვალა.
კომიტეტეტის სხდომაზე დასწრების კუთხით, თანაპარტიელების მსგავსად, თავი ვერ წარმოაჩინა დავით საყვარელიძემაც. ის 46 სხდომიდან მხოლოდ ოთხს დაესწრო და 15 შემთხვევაში „ოჯახური მდგომარეობა“ მოიმიზეზა, 23 შემთხვევაში „სხვა მიზეზი“, ხოლო მას არასაპატიოდ სამი ჩაეთვალა.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს შედარებით, პავლე კუბლაშვილი და ლევან ბეჟაშვილი სწყალობენ. 46 სხდომიდან კუბლაშვილი 17 სხდომას დაესწრო, ხოლო ბეჟაშვილი შვიდს.
რაც შეეხება უმრავლესობის წევრებს, ისინი სხდომებს მეტ-ნაკლებად ესწრებიან და ნაციონალებისგან განსხვავებით, სხდომებზე დასწრების მაღალი მაჩვენებელიც აქვთ, მაგრამ სხდომაზე დასწრების კუთხით, გამორჩეულები კომიტეტის თავმჯდომარე - ვახტანგ ხმალაძე და გიორგი კახიანი არიან. 46 სხდომიდან ხმალაძე 45 სხდომას დაესწრო, ხოლო კახიანი 43 სხდომას.
შეგახსენებთ, რომ დეპუტატები რეგლამენტში არსებული ჩანაწერით „ოჯახური მდგომარეობის“ რეგულაციით მანიპულირებენ და სხდომებს ხშირად არ ესწრებიან. ქუთაისში საქმიანობის დროს კი, კომიტეტეს ხშირად, კვორუმის პრობლემა ექმნებოდა. მართალია, რეგლამენტის გათვალისწინებით, დეპუტატებს სხდომებზე არდასწრების გამო, ხელფასიდან 10 პროცენტი ექვითებათ, მაგრამ ამ მოწვევის პარლამენტში ეს ნორმა მხოლოდ მარტში ამოქმედდა.