საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია, სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში იმყოფება. ქართული დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების მცენარეთა დაცვის ორგანიზაციის (EPPO) საბჭოს 64-ე სესიაში, სადაც აღნიშნულ ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანების საკითხი განიხილებოდა. კენჭისყრის შედეგად, საქართველო EPPO -ს 51-ე წევრად ერთხმად აირჩიეს.
სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ოთარ დანელიამ საქართველოსთვის EPPO-ს წევრობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
,,ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ამოქმედების წინაპირობას და მის განუყოფელ ნაწილს საქართველოში მოქმედი სანიტარული და ფიტოსანიტარული რეგულაციების ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია წარმოადგენს. საქართველო, როგორც EPPO-ს წევრი ქვეყანა, თავის წვლილს შეიტანს ორგანიზაციის მიზნების მიღწევაში და, ამავდროულად ისარგებლებს ყველა იმ სიკეთით, რომელსაც ამ ორგანიზაციის წევრობა გულისხმობს. ეს არის მავნებლებთან ბრძოლის კონტროლის თანამედროვე, უსაფრთხო და ეფექტური მეთოდების ხელშეწყობა, ფიტოსანიტარული და მცენარეთა დაცვის რეგულაციების ჰარმონიზაციის წახალისება, კულტურული და ველური მცენარეებისათვის ზიანის მომტანი მავნებლების წარმოქმნისა და გავრცელების წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო სტრატეგიის შემუშავება და სხვა“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში შედიან სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და სსიპ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დირექტორი ლალი მაძღარაშვილი. EPPO-ს საბჭოს სხდომას სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციასთან ერთად, საფრანგეთში საქართველოს ელჩი ეკატერინე სირაძე-დელონეც ესწრებოდა.
ორგანიზაციის წევრობა საქართველოს ფიტოსანიტარიის სფეროში DCFTA-ით გათვალისწინებული ვალდებულებების ეფექტიანად შესრულების, EPPO-ს მიერ შექმნილ და მხარდაჭერილ მონაცემთა ბაზასა და სრულ თანამედროვე ფიტოსანიტარიულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის, საქართველოს ტერიტორიის, სასოფლო-სამეურნეო კულტურების, ტყეების ფიტოსანიტარიული დაცვის დონის ოპტიმიზაციის მიღწევის საშუალებას მისცემს. საერთაშორისო ვაჭრობაში EPPO-ს წევრი ქვეყნიდან ექსპორტირებულ მცენარეებისა და მცენარეული პროდუქციის მიმართ ნდობა განსაკუთრებით მაღალია. EPPO -ში გაწევრიანებით, საქართველო ფიტოსანიტარიული თვალსაზრისით კეთილსაიმედო სატრანზიტო ქვეყნის იმიჯს დაიმკვიდრებს.
დღეისათვის EPPO-ში გაწევრიანებულია 50 ქვეყანა, მათ შორის აზიიდან ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, აზერბაიჯანი.