იუნესკოს საყდრისის ოქროს საბადოსთვის მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არ მიუნიჭებია და ამას ვერც შეძლებს, ვინაიდან ასეთი სტატუსის მისაღებად, საბადო ჯერ ეროვნულ დონეზე უნდა იყოს აღიარებული კულტურულ მემკვიდრეობად.
თუმცა, "საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრი" წევრი ირაკლი მამალაძე აცხადებს, რომ იუნესკოს მიერ, კომიტეტის მიერ გამოგზავნილ საპასუხო წერილში, იუნესკომ მათ მადლობა გადაუხადა საყდრისზე, როგორც "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ზრუნვისთვის".
"საყრდისის საბადო ჩემთვის, ისევე როგორც კომიტეტის ყველა წევრისთვის და უამრავი ქართველიო და უცხოელი მეცნიერისთვის, ვინც ამ ძეგლის ექსპერტიზაში იყო ჩართული, მსოფლიო დონის კულტურული მემკვიდრეობაა, ხოლო იუნესკომ ის წერილში ასეც მოიხსენია და მადლობა გადაგვიხადა მასზე ზრუნვისთვის", - აცხადებს მამალაძე, თუმცა აღიარებს, რომ ეს სტატუსი ოფიციალური არაა, ვინაიდან იუნესკო ამ სტატუსს ოფიციალურად ძეგლს ვერ მიანიჭებს, რადგან მას ეროვნულ დონეზე აქვს ეს სტატუსი ჩამორთმეული.
სინამდვილეში კი წერილში, რომელსაც ხელს იუნესკოს გენერალური დირექტორის ასისტენტი, კოშორე რაო აწერს, ნათქვამია, რომ გენერალური დირექტორის სახელით მადლობას უხდის კომიტეტს მსოფლიოში კულტურული მემკვიდრეობის გადასარჩენად დაინტერესებისთვის და ამ წერილში კონკრეტულად საყდრისის საბადოზე მხოლოდ იმას ამბობს, რომ ეს საკითხი განსახილველად საქართველოს ხელისუფლებას გადაუგზავნეს.
მამალაძე აცხადებს, რომ მათი კომიტეტის წევრმა, ირინა ღამბაშიძემ, იუნესკოს საქართველოს ოფისს მიმართა და სთხოვა ძეგლისთვის მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭებინა, თუმცა საკითხისთვის შემდგომი მსვლელობის მიცემა შეუძლებელი გახდა, ვინაიდან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტომ, საყდრისს ძეგლის სტატუსი მოუხსნა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო არ იზიარებს ირაკლი მამალაძის და კომიტეტის სხვა წევრების შეფასებებს და აცხადებს, რომ იუნესკოს წერილი მათ არასწორად გაიგეს და არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებენ.
თეა ონიანი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს იურიდიული სამსახურის უფროსი:
"ეს ინტერპრეტაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ამ წერილის შინაარსი სიტყვა-სიტყვით ასეთია: "იუნესკომ მიიღო წერილი არასამთავრობო ორგანიზაციების სოციალური კომიტეტიდან, რომელიც ეხება საყდრისის გადარჩენას და უკავშირდება საყდრისის ოქროს საბადოს. თან ერთვის წინამდებარე წერილს. კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის ეროვნულ დონეზე დაცვის თაობაზე 1972-ე რეკომენდაციის შესაბამისად, ეროვნულ ორგანოებს ვთავაზობთ უზრუნველყონ მათ ტერიტორიაზე არსებული კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვა და შენარჩუნება. ვსარგებლობთ რა შემთხვევით, მადლობას მოგახსენებთ თქვენი მხარდაჭერისთვის, რომელიც გამოიჩინეთ მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის დანერგვის პროცესში და გთხოვთ მიიღოთ ჩემი თქვენდამი უღრმესი პატივისცემის დადასტურება".
ეს არის ფაქტობრივად ტრაფარეტული წერილი, რომელიც ხშირ შემთხვევაში იგზავნება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ შემდგომი რეაგირებისათვის. "იუნესკოს" კონკრეტულად არანაირი მითითება, შეფასება საყდრისის ობიექტთან დაკავშირებით არ მოუხდენია ამ წერილით.
"იუნესკო" არ გაუწევს მონიტორინგს ამ პროცესს, რადგან საყდრისი არ არის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი. მოგეხსენებათ, რომ საქართველოში დღეს გვაქვს მხოლოდ სამი ძეგლი, რომელიც შეტანილია მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში: სვანეთში _ ჩაჟაში (უშგულის ნაწილი), ქუთაისში _ ბაგრატი-გელათი და ქალაქი მცხეთა. რადგან საყდრისი არ არის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი და მას კულტურული მემკვიდრეობის სტატუსიც არ აქვს, უბრალოდ აღიარებულია არქეოლოგიურ ობიექტად. გამომდინარე აქედან "იუნესკო" ამ პროცესში ვერ ჩაერთვება, თუნდაც მათი ინსტრუქციებიდან და მათი დადგენილი სამოქმედო გეგმიდან " - აცხადებს თეა ონიანი.