საყდრისის საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება არსებობდა სამეცნიერო წრეებში. მეცნიერების ორი ავტორიტეტული ჯგუფი სრულიად განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებდა. ერთნი მიიჩნევდნენ, რომ ეს არის მსოფლიოში პირველი ოქროს მაღარო, მეორენი კი მიიჩნევდნენ, რომ ეს არ არის ოქროს მაღარო, თუმცა აქ შეინიშნება ადამიანის კვალი. საკითხთან დაკავშირებით მიუკერძოებელი დასკვნის დასადებად კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ მოიწვია საერთაშორისო ექსპერტები. ამ ექსპერტებმა შეიმუშავეს შესაბამისი რეკომენდაციები საყდრისის საკითხის გადაწყვეტის თაობაზე. ამ ეტაპზე კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო, საქართველოს ეროვნული მუზეუმის და თავად კომპანია "არემჯი" აქტიურად არის ჩართული კონკრეტული ქმედებების დაგეგმვაში, თუ როგორი უნდა გაგრძელდეს საყდრისის შემდგომი კვლევები
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ "საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრებმა" "იუნესკოსგან" მათ მიერ გაგზავნილ კორესპონდენციაზე საპასუხო წერილი მიიღეს. როგორც კომიტეტის წევრები აცხადებენ, გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის წერილში ნათქვამია, რომ "იუნესკომ" საყდრისის საბადო მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ კომიტეტის მიერ გავრცელებული წერილის შინაარსის ინტერპრეტაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
თეა ონიანი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს იურიდიული სამსახურის უფროსი:
"ეს ინტერპრეტაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ამ წერილის შინაარსი სიტყვა-სიტყვით ასეთია: "იუნესკომ მიიღო წერილი არსამთავრობო ორგანიზაციების სოციალური კომიტეტიდან, რომელიც ეხება საყდრისის გადარჩენას და უკავშირდება საყდრისის ოქროს საბადოს. თან ერთვის წინამდებარე წერილს. კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის ეროვნულ დონეზე დაცვის თაობაზე 1972-ე რეკომენდაციის შესაბამისად, ეროვნულ ორგანოებს ვთავაზობთ უზრუნველყონ მათ ტერიტორიაზე არსებული კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვა და შენარჩუნება. ვსარგებლობთ რა შემთხვევით, მადლობას მოგახსენებთ თქვენი მხარდაჭერისთვის, რომელიც გამოიჩინეთ მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის დანერგვის პროცესში და გთხოვთ მიიღოთ ჩემი თქვენდამი უღრმესი პატივისცემის დადასტურება".
ეს არის ფაქტობრივად ტრაფარეტული წერილი, რომელიც ხშირ შემთხვევაში იგზავნება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ შემდგომი რეაგირებისათვის. "იუნესკოს" კონკრეტულად არანაირი მითითება, შეფასება საყდრისის ობიექტთან დაკავშირებით არ მოუხდენია ამ წერილით.
"იუნესკო" არ გაუწევს მონიტორინგს ამ პროცესს, რადგან საყდრისი არ არის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი. მოგეხსენებათ, რომ საქართველოში დღეს გვაქვს მხოლოდ სამი ძეგლი, რომელიც შეტანილია მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში: სვანეთში _ ჩაჟაში (უშგულის ნაწილი), ქუთაისში _ ბაგრატი-გელათი და ქალაქი მცხეთა. რადგან საყდრისი არ არის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი და მას კულტურული მემკვიდრეობის სტატუსიც არ აქვს, უბრალოდ აღიარებულია არქეოლოგიურ ობიექტად. გამომდინარე აქედან "იუნესკო" ამ პროცესში ვერ ჩაერთვება, თუნდაც მათი ინსტრუქციებიდან და მათი დადგენილი სამოქმედო გეგმიდან " _ აცხადებს თეა ონიანი