22 სექტემბერს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა გიორგი არსოშვილმა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს უფროსმა რატი ჯაფარიძემ, პირობით მსჯავრდებულთა სოციალური ფუნქციონირებისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მემორანდუმით გათვალისწინებული თანამშრომლობის ფარგლებში, პირობით მსჯავრდებულები ჩაერთვებიან რესოციალიზაციაზე ორიენტირებულ, საინფორმაციო-შემეცნებით ტრენინგებში და საზოგადოებისთვის სასარგებლო აქტივობებში. ასევე, მემორანდუმის საგანს წარმოადგენს დაცულ ტერიტორიებზე პრობაციის ეროვნულ სააგენტოში აღრიცხვაზე მყოფ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომამისჯილთათვის სამუშაო ადგილების მოძიება. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულების კონტროლს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, პრობაციის ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს.
მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია, სიმბოლურად, თბილისის ეროვნულ პარკში გაიმართა. აქვე, პრობაციონერების მონაწილეობით, მოეწყო დასუფთავების აქცია. თბილისის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფმა 15–მა პირობით მსჯავრდებულმა, პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს.